სამართლიანი არჩევნები (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასებით, ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი იყო. ისინი, ასევე, წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ როგორც მეტნაკლებად კონკურენტულს. საერთო განცხადების თანახმად, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია დიდი უპირატესობით სარგებლობდა, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო.

მათი განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ.

"ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიების ფინანსურშესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო", — ნათქვამია განცხადებაში.

მათვე თქმით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება ვერ უზრუნველყო.

ამასთანავე, ისინი საუბრობენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე, არაეფექტურმა გამოძიებამ კი, მათი შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესებსა და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდაზე გავლენა მოახდინა.

"ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს პოლიტიკური პროცესი, რომელიც არჩევნებს წინ უძღოდა, კერძოდ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის მედიაციით, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება, რომლის ნაწილი, ამბიციური საარჩევნო რეფორმა დიდწილად აისახა საარჩევნო კოდექსში, მათ შორის, საგრძნობლად გაიზარდა საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა ხვედრითი წილი, შეიცვალა არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესთან დაკავშირებული რიგი საკითხები, თუმცა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების არსებული მოდელი და საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი", — ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, რის მიზეზადაც მთავარი მიზნის — პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირების მიუღწევლობა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დასახელდა.

TI-ს, ISFED-ისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასებას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.