იაპონიაში ახლახან CRISPR-ის ტექნოლოგიით გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი ჩაეშვა გაყიდვაში, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი მსგავსი პრეცედენტია. ეს არის სიცილიური წითელი პომიდორი, რომელიც დიდი რაოდენობით გამა-ამინოზეთოვან მჟავას შეიცავს. ის ადგილობრივმა სტარტაპმა Sanatech Seed შექმნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიისგან ამ მცენარის ნერგები 4 200-მა ფერმერმა შეიძინა, ახლა კი მწიფე ნაყოფის დაგემოვნება ფართო საზოგადოებასაც შეუძლია.

თავდაპირველად სტარტაპი მომხმარებლებისთვის მხოლოდ ტომატის შეთავაზებას გეგმავდა, თუმცა მსურველთა მზარდი მოთხოვნის გამო, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და მათთვის ხელმისაწვდომი თავად პომიდორი გახადეს. მათი განცხადებით, მომავალში ბაზარზე კიდევ მრავალ მსგავს ხილსა და ბოსტნეულს ვიხილავთ.

სპეციალისტებმა გენური ინჟინერიის წყალობით პომიდვრები იმგვარად შეცვალეს, რომ მათში შეემცირებინათ იმ ფერმენტის შემცველობა, რომელიც გამა-ამინოზეთოვან მჟავას შლის. ეს უკანასკნელი შემაკავებელი ნეირომედიატორი გახლავთ, რომელიც ნერვულ კავშირებს შორის სიგნალების მიმოცვლას აფერხებს. შედეგად, ნაყოფში ისინი დიდი რაოდენობით ნარჩუნდება, რაც, ზოგი კვლევის თანახმად, ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება და, შესაძლოა, სტრესის დაძლევას ან ძილის პრობლემების მოგვარებასაც შეუწყოს ხელი.

ფოტო: Sanatech Seed

მართალია, საზოგადოებაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები უარყოფით ასოციაციას იწვევენ, მაგრამ დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული პროდუქტების უმეტესობას რაიმე სახით მაინც აქვს გენი შეცვლილი. მაგალითად, თანამედროვე ბანანებს, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ჰიბრიდიზაციის შედეგად მივიღეთ.

CRISPR-ის ტექნოლოგია მეცნიერებს სხვადასხვა გენით განსაზღვრული მახასიათებლების უკეთ კონტროლის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, იაპონელ მკვლევრებს თავიანთი პომიდორი გენმოდიფიცირებულად სულაც არ მიაჩნიათ, რადგან ეს ბუნებრივადაც შეიძლება მომხდარიყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.