ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ინსტაგრამზე გამომწერებს უცნაური ამბავი გაუზიარა. მომღერლის თქმით, ბარსელონას ერთ-ერთ პარკში 8 წლის შვილთან სეირნობის დროს თავს ორი გარეული ღორი დაესხა. ტახებმა შაკირას ჩანთა წაართვეს და ინციდენტის ადგილიდან მიიმალნენ.

შაკირამ ინსტაგრამის story-ში გამომწერებს უკან დაბრუნებული, თუმცა განადგურებული ჩანთები ანახა:

"ნახეთ, რა უქნეს ჩემს ჩანთას ტახებმა, რომლებიც პარკში თავს დამესხნენ. მათ ჩემი ჩანთა მობილურთან ერთად ტყეში მიჰქონდათ, ყველაფერი გაანადგურეს", — აცხადებდა ვიდეოში მომღერალი.

ფოტო: shakira / Instagram

ამის შემდეგ შაკირა თავის 8 წლის შვილს მიუბრუნდა:

"მილან, სიმართლე თქვი. უთხარი ყველას, როგორ დაუპირისპირდა დედიკო ტახს".

შაკირა ბარსელონაში ტახების გახშირებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთია. 2016 წელს ესპანეთის პოლიციაში 1 187 ზარი შევიდა გარეული ტახების თაობაზე, რომლებიც თავს ესხმიან ძაღლებს, აზიანებენ მანქანებს და ქმნიან საცობებს.

ბოლო წლების განმავლობაში გარეული ღორები არეულობას ევროპის სხვა ქალაქებშიც იწვევენ. მაგალითად, 1 წლის წინ ბერლინში ნუდისტ კაცს თავს გარეული ღორი გოჭებთან ერთად დაესხა და ლეპტოპი წაართვა. კაცმა ლეპტოპის დაბრუნება შეძლო, თუმცა მისი ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ამავე თემაზე: