სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, არ იცის ჩამოვიდა, თუ არა ექსპრეზიდენტი და ჰგონია, რომ სიურრეალისტურ სამყაროში ვიმყოფებით.

"ნამდვილად არ ვიცი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, თუ არ ჩამოვიდა. მგონია, რომ ცოტა სიურრეალისტურ სამყაროში ვიმყოფებით, თუ ის არ არის და ეს ტყუილია, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, პირდაპირ ვთქვათ, თუ ის საქართველოშია ჩამოსული, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები აღარ არსებობს. არც ერთი სცენარი და არც მეორე სცენარი კარგი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, იმ გარემოსთვის, რაც ახასიათებს ქვეყანას", — ამბობს ის.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: