ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ "სახელმწიფო არ გვაქვს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე დადასტურებულად არ ვიცი, ბატონი სააკაშვილი საქართველოშია, თუ არა. მეც, როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო შეხვედრაზე. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია, მე მინდა, რომ დაველოდო ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთო კომენტარი", — ამბობს ის.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: