ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო თავიდან DeepFake ეგონათ, თუმცა უფრო მარტივი ტექნოლოგია აღმოჩნდა.

"რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა DeepFake-ის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გეტყვიან პასუხს. ძალიან მარტივი ფეიქია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს", — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაპოსტა, რომლის თანახმად, ის უკვე საქართველოში იმყოფება. მანამდე კი სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

მან, ასევე, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.