ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. მისივე თქმით, "ნეტა ყოფილიყო", რადგან ამ შემთხვევაში მოხვდებოდა ციხეში.

"სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით", — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვას, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო არის თუ არა გადაღებული ბათუმში, კობახიძე ასე პასუხობს:

"კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო — მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ".

ვიდეოსთან დაკავშირებით კობახიძემ ასევე თქვა, რომ ეს "ძალიან მარტივი ფეიკია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს". მისივე აზრით, "ეს კლოუნადა ემსახურება იმას, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს უფრო მაგარი ბიჭი, ვიდრე ნიკანორ მელია ან ხატია დეკანოიძე და ა.შ."

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით კი, ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: