ქართულ ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკვშირებით დასმულ კითხვას ცრუ ინფორმაციას უწოდებს და მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, მას საზღვარი არ გადმოუკვეთია.

"არ მაქვს ინფორმაცია. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. კლოუნადაა მორიგი. ეს არის თქვენი ვერსია, ვერ მიმტკიცებთ, პოსტის დაწერა ყველას შეუძლია. რეაგირება იქნება ძალიან მარტივი, მყისიერი დაკავება და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. თქვენი პარტიული ტელევიზია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. ვნახავთ დღეს არის თუ არა ის საქართველოში", — ამბობს მიქანაძე.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: