დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ჩამოშლილია.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს აქ არის, თუ არა. ვნახავთ მოვლენების განვითარებას, პირველი, ზუსტად იმავეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში. ამ საკითხზე ყველაზე არის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაზე. თუ შემოსულია, ჩამოშლილია ქართული ოცნება, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ, მაგრამ ეს არ არის სიახლე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი არის, რომ ეს ორი დღე და შემდგომი დღეები გავიაროთ აბსოლუტურად მშვიდობიანად და ყველა დავემორჩილოთ ხალხის ნებას", — ამბობს ხოშტარია.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში იმყოფება. ამასთან, მან გაავრცელა ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მანამდე კი სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.