NASA-მ განაცხადა, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს სახელს არ გადაარქმევს, მიუხედავად საზოგადოების, ასტრონომების და თავად თანამშრომლების კრიტიკისა.

ორბიტულმა ობსერვატორიამ მეცნიერებს საშუალება უნდა მისცეს, კოსმოსის მეტი ტერიტორია შეისწავლონ უფრო დეტალურად და ამით ასტრონომიაში ძირეული ცვლილებები შეიტანოს, თუმცა წელს იგი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

დავა მისი სეხნიის, ნასას ყოფილი მმართველის, ჯეიმს ვების, ისტორიას უკავშირდება, რომელსაც კრიტიკოსები ჰომოფობიაში სდებენ ბრალს. საქმე იმაშია, რომ ჯეიმს ვებმა NASA-ს დაცვას უფლება მისცა, თანამშრომლები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაეკითხათ. სააგენტომ კი გადაწყვიტა, რომ, ამისდა მიუხედავად, იგი პატივისცემას მაინც იმსახურებს, რამაც მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილება გამოიწვია.

"ამ დრომდე არანაირი მტკიცებულება არ მოგვიპოვებია, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის სახელის გადარქმევას გაამართლებს" — განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა NPR-თან საუბრისას.

ნასამ NPR-ს განუცხადა, რომ ვების დოსიეში გამოძიება ჩაატარეს, თუმცა მისი შედეგების შესახებ ბევრი დეტალი არ დაუკონკრეტებიათ.

ამასობაში, 1200-ზე მეტი კრიტიკოსი, რომელთა შორისაც ბევრი ასტრონომი ან მოსაზღვრე სფეროში მოღვაწეა, პეტიციის საშუალებით სახელის ცვლილებას მოითხოვს.

"საუკეთესო შემთხვევაში, ვების დოსიე რთულად გასაგებია", — განაცხადა ნიუ ჰემფშირის კოსმოლოგმა და პეტიციის ორგანიზატორმა ჩანდა პრესკოდ-ვაინშტაინმა NPR-თან საუბრისას — "ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ჩემი აზრით, ამ გასაოცარ ინსტრუმენტს ცაში ჰომოფობის სახელით ვაგზავნით".

ჯეიმს ვების ტელესკოპი დიდი ხანია, იხვეწება და დიდი შრომაა ჩადებული პროექტის შექმნაში, რომელიც, როგორც იქნა, კოსმოსში ამ დეკემბერს წავა.

NASA-ს უკანასკნელ წლებში არაერთხელ შეუცვლია თავის კოსმოსურ ობიექტთა სახელები. მაგალითად, 2019 წელს ასტეროიდს, სახელად "Arrokoth" დაარქვეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის თავდაპირველ სახელწოდებას, "Ultima Thule-ს", ნაცისტური კონოტაციები ჰქონია. ამავდროულად, მომდევნო წელს კოსმოსურმა სააგენტომ პირობა დადო, რომ კოსმოსში არსებულ ობიექტებზე რასისტული სახელების გამოყენებას შეწყვეტდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.