კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ხოჯევანიშვილს ურჩევს, არ მოიმსხვრიოს "პოლიტიკური რქებუნები". ასე გამოეხმაურა ის ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომელმაც წულუკიანს უღირსი ადამიანი უწოდა.

"ბატონი ჯოხევანიშვილისთვის მე არ მომისმენია, არ ვუსმენ ხოლმე და თუ ჩემთან მიმართებაში თქვა, მე მინდა მას ვუსურვო, რომ ფრთხილად იყოს, რომ ეს ახლად ამოსული პოლიტიკური რქებუნები არ მოიმსხვრიოს", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ უნდა აღიქვას ეს განცხადება ხოჯევანიშვილმა მუქარად, წულუკიანმა ასე უპასუხა:

"არა, არა, როგორც რჩევა, კეთილი [...] დაფიქრდნენ იმაზე რას აკეთებდნენ, დაფიქრდნენ იმაზე, რა გაუკეთებიათ და დაფიქრდნენ იმაზე, რას აკეთებენ ახლა. იმიტომ, რომ ეს გზა, მათი გზა, არსად არ მიდის".

"უღირს ადამიანებს ადვილად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება", — განაცხადა 15 სექტემბერს გიორგი ხოჯევანიშვილმა თეა წულუკიანის მისამართით. ერთი დღის ადრე, წულუკიანმა სავარაუდოდ სუს-დან გამოჟონილი საიდუმლო ფაილების გავრცელებაში ირიბად დასდო ბრალი გიორგი ხოჯევანიშვილის ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს. წულუკიანის თავის მოსაზრებას ამყარებდა იმ არგუმენტით, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის უფროსის კიდევ ერთმა ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ისევე როგორც მას, ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდათ. გოგაშვილის თქმით, უწყების ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა დეპარტამენტიდან ინფორმაციას მატერილაური სახით, ფურცელზე ამობეჭდილს იღებდნენ.

გაიგე მეტი: