თბილისის მერია 26-27 მარტს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების გამართვის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ თბილისის მერს 17 მარტს მიმართა. თბილისის მერიაში ვარაუდობენ, რომ მომსახურების სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 485 ათასი ლარი იქნება. მომსახურების შეძენა გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე, იგეგმება, ნებართვის მისაღებად თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

26-27 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური ხარჯი

ფოტო: თბილისის მერია/On.ge

თბილისის მერია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე ორი დღით ადრე, 26 მარტს, განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე - ახალ ტფილისში - "სახალხო დღესასწაულის" მოწყობას გეგმავს.

"აღმაშენებლის გამზირი „ევროპულ ქუჩად“ გადაიქცევა, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება ფონური მუსიკა. აღნიშნულ ქუჩაზე განთავსდება რამდენიმე სცენა, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრის კონცერტი გაიმართება. მსახიობები თემატურ პერფორმანსებს გამართავენ. დავით აღმაშენებლის გამზირი მოირთვება შესაბამისი თემატიკის ბილბორდებით. „ახალი ტფილისის“ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ," - აღნიშნავენ მერიაში.

27 მარტს 21 საათზე კი, ღონისძიება ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება. მოეწყობა გალა კონცერტისთვის სამი ერთმანეთთან დაკავშირებული სცენა. თითოეული სეგმენტი სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისა და მიმართულებების წარმომადგენელთათვის იქნება. შუა სეგმენტზე განთავსდება ორკესტრი და ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. მეორე და მესამე სეგმენტებზე კი - ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლები. კონცერტის მსვლელობის დროს დაგეგმილია, რომ წამყვანებმა მუსიკალური სანახაობის წაძღოლასთან ერთად, საზოგადოებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მესიჯები მიაწოდონ.

"კონცერტის რეპერტუარი შედგება ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი ქართული სიმღერებისგან, რომლებსაც ქართული მუსიკალური სცენის ვარსკვლავები შეასრულებენ. სცენიდან ასევე აჟღერდება ევროპის ქვეყნების მუსიკალურ რეპერტუარი და მსოფლიოში აღიარებული სიმღერები. ღონისძიება შეიცავს მუსიკალურ ნომრებს, რომლებიც მაყურებელს სადღესასწაულო და ამაღლებულ განწყობას შეუქმნის," - აღნიშნავენ მერიაში.

დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ფეისბუკზეც. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა დაგეგმილი ღონისძიებაში მონაწილე მუსიკალური შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია უკვე გაასაჯაროვა.

მათივე ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ გალა კონცერტი პირდაპირ ეთერში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.