წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ჩვენი ყოველდღიურობიდან გასართობი ადგილები გაქრა. მუსიკალური ფესტივალები და კლუბები ჯერჯერობით მხოლოდ მოგონებების სახით არსებობს, თუმცა, როგორც იტყვიან, გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე მოჩანს და ეს საკლუბო სცენის შუქია.

თბილისური კლუბი KHIDI დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და ერთგულ და ახალ მსმენელს 8 ოქტომბერს საპილოტე ღონისძიებას სთავაზობს.

ღონისძიების ლაინაფი.

ფოტო: KHIDI

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდისა და არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი პლატფორმა act4culture-ის მიერ შექმნილი იდეით, ღონისძიება, სახელად OPEN CULTURE: KHIDI, ერთგვარი კვლევითი ხასიათის პროექტიცაა. ღონისძიების მიზანია, დახურულ სივრცეში კორონავირუსის გავრცელების რისკები შეაფასოს და მისით სამოქმედო გეგმა შექმნას, რომელიც საკლუბო და საფესტივალო ინდუსტრიას აღდგენაში დაეხმარება.

როგორც ღონისძიების აღწერიდან ვიგებთ, მასზე დასასწრებად საჭიროა, მსურველებმა უნიკალური ბარკოდი მიიღონ covidpass.moh.gov.ge-დან, რომელსაც, შესვლამდე სპეციალური აპლიკაცია შეამოწმებს. ბარკოდთან ერთად, აუცილებელია, სტუმარმა ღონისძიებაზე დასასწრები ონლაინბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული (მეორე აცრიდან 2 კვირის შემდეგ), ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილი და ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები შეძლებენ.

სხვა აუცილებელი ინფორმაციის შეტყობა ფეისბუქივენთიდან შეგიძლიათ.

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images

კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა გასართობი ინდუსტრია. უკვე წელიწადნახევარია, რაც მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი უქმდება. 2020 წლის მარტის დასაწყისშივე თბილისში ყველა მთავარი კლუბი დაიკეტა, მათ შორის, KHIDI-ც.

გადაიდო მუსიკალური ფესტივალებიც, თუმცა, მათმა უმეტესობამ მსმენელთან დაბრუნება ვერც წელს შეძლო. მაგალითად, Tbilisi Open Air ზედიზედ მეორე წელია, რაც აღარ ჩატარებულა. ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო, ფესტივალის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაუქმდა ROKVA 2021-ის ღონისძიებაც.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ივნისში, მაგალითად, Lisi Wonderland დაბრუნდა. KHIDI-ის საპილოტე ღონისძიების მსგავსად, Open Culture-ის ფარგლებში, 7 აგვისტოს იმავე ფორმატით ჩატარდა პირველი უსაფრთხო წვეულებაც.