ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობრივ მოვლენების გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლა გასაკვირი არაა. ევროპარლამენტარმა 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა, თუმცა თქვა, რომ ამან არჩევნებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.

"მედიაზე ზეწოლა გასაკვირი არაა, მით უმეტეს, იმ ძალადობის გათვალისწინებით, რომელიც ამ არჩევნებს წინ უძღოდა. რაც 5 ივლისის შემდეგ მოხდა, პრობლემაა, თუმცა ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არჩევნებს, რადგან ამ არჩევნებმა ბალანსი უნდა დაამყაროს. ეს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესაა ადგილობრივი არჩევნები, თუმცა საკითხები, რომლებიც წყდება, ადგილობრივი არაა, ესაა ერთგვარი რეფერენდუმი ეროვნული პარლამენტისთვის [ფორმულას თარგმანი]", — აცხადებს გრეგოროვა.

დღეს, 30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.

დღესვე ტელეკომპანია ფორმულაში თემაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ფორმულას დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილია. გუმბარიძე არ გამორიცხავს მედიასაშუალების ქონების დაყადაღებასაც.

გაიგე მეტი: