კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავდა მიზნად.

"სამწუხაროდ, ფორმულას წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ მუქარისა თუ აგრესიული რიტორიკის ადრესატები. აღსანიშნავია ასევე, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ფორმულას ჟურნალისტების უსაფრთხებას და არ აქვს კანონით დადგენილი რეაგირება მათზე თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის მფლობელის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მედიის შევიწროებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რაც ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია", — ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.

7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.

გაიგე მეტი: