რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაზღვევის კულტურა არ არსებობდა. სადაზღვევო პოლისის ქონა ჩვენში ერთგვარ ფუფუნებად ითვლებოდა და საამისოდ არც სისტემა იყო გამართული. ჯანმრთელობის დაზღვევას ბევრი საავადმყოფო არ იღებდა და ამ გზით ანგარიშსწორების წარმოდგენაც კი რთული იყო. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია შეიცვალა და ახლა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ამა თუ იმ პოლისით სარგებლობს.

იმ უდაზღვევობის პერიოდში, ხშირად შეხვდებოდით სტატიას ან სატელევიზიო სიუჟეტს უცნაური და არაორდინალური პოლისების შესახებ, მაგალითად, ერთ-ერთი, რაც შეიძლება გახსოვდეთ, არის 90-იანების ბოლოს - 2000-იანების დასაწყისში თბილისში პოპულარული რივერდანსის სოლისტის, ვინმე მაიკლის ფეხების დაზღვევა, შემდეგ იყო ლეგენდა ჯენიფერ ლოპესის უკანალის დაზღვევაზე და ა.შ. თუმცა მსოფლიო სადაზღვევო ისტორიაში ბევრად უფრო უცნაური და შეიძლება ითქვას, საოცარი შემთხვევებიც არსებობს, რომლებსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.

1. ლოხ-ნესის ურჩხულის დაჭერის დაზღვევა

ფოტო: Robert Kenneth Wilson

1970-იან წლებში ლოხ-ნესის მონსტრის ლეგენდის ბუმი დაიწყო. ნესის არსებობაში ადამიანები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ ნესის ტბაზე რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიციაც კი მოეწყო.

1971 წელს შოტლანდიური ვისკის მწარმოებელმა Cutty Sark-მა ნესის დაჭერისათვის მილიონი ფუნტის ($2,4 მილიონი) ოდენობის ჯილდო დააწესა. ცხადია, ამ მისიის შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ Cutty Sark-ს რატომღაც შეეშინდა, რომ ვიღაც მართლაც იპოვიდა მონსტრს და დახმარებისთვის ცნობილ ლონდონურ სადაზღვეო კომპანია Lloyds of London-ს მიმართა. ლოიდსს Cutty Sark-ზე პოლისი უნდა გაეცა და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მართლაც დაიჭერდა ნესის, ვისკის მწარმოებელ კომპანიის ნაცვლად დაწესებული ჯილდო დაზღვევას უნდა აენაზღაურებინა. პირველადი მოლაპარაკების შემდეგ კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ ლოიდსმა ბოლო მომენტში პოლისის გამოწერა გადაიფიქრა.

შედეგად პრესაში გაჩნდა სტატიები და სადაზღვევო კომპანია ამ გადაწყვეტილების გამო დაიცინა. რეპუტაციული რისკისა და პიარ კრიზისის თავიდან ასაცილებლად Lloyds-მა პოლისი გამოწერა, ოღონდ მკაცრად დაზუსტებული პირობებით.

ლოხ-ნესის მონსტრად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის არსება, რომლის სიგრძეც მინიმუმ 6 მეტრი იქნებოდა და ამავე დროს, მის ავთენტურობას მეცნიერები დაადასტურებდნენ.

ცხადია, არც ფულადი ჯილდო და შესაბამისად, არც დაზღვევა ამ დრომდე არ გაცემულა, რადგან ლოხ-ნესის მონსტრი კვლავ მითად რჩება და მის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟიც უკვე ათეულობით წლებია ჩაცხრა.

2. უცხოპლანეტელების მიერ გატაცების დაზღვევა

ფოტო: solarseven / Shutterstock

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან ანუ მფრინავ თეფშებთან კონტაქტის ხუთი კლასიფიკაცია არსებობს. მათგან ყველაზე საშიში და უსიამოვნო მეოთხე სახის ახლო კონტაქტია - ეს არის შემთხვევა, როცა უცხოპლანეტელები ადამიანს იტაცებენ და მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

ცხადია, დაზღვევა ყველაზე მეტად მეოთხე სახის ახლო კონტაქტის მსხვერპლებს ესაჭიროებათ. Grip ლონდონური სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც სწორედ ამ საშინელი შემთხვევის შედეგად მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ზარალის ასანაზღაურებლად არც მეტი, არც ნაკლები 37 ათასი ადამიანი დააზღვია. პოლისის საფასური 100 ფუნტია და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სადაზღვევო კომპანიას ჯერ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაუფინანსებია. ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ მალდერმა და სკალიმ ბოლოს და ბოლოს შეაჩერეს უცხოპლანეტელთა კოლონიზაციის მზაკვრული გეგმა.

3. მოტაცების შემთხვევაში გამოსასყიდის გადახდის დაზღვევა

ფოტო: BlueSkyImage / Shutterstock

ასეთი დაზღვევით ძირითადად უდიდესი კომპანიები და მდიდარი ადამიანების ოჯახის წევრები სარგებლობენ.

თუ ადამიანს, რომელიც ამ პოლისით სარგებლობს, უცხო ქვეყანაში მოიტაცებენ და გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ, სადაზღვევო კომპანია თავისი ხარჯებით აწარმოებს მოლაპარაკებებს და ეცდება, გამოსასყიდის ფასი დაწიოს. თუ გამტაცებლების მოთხოვნილი თანხა პოლისით გათვალისწინებული თანხის ტოლი ან ნაკლები იქნება, მაშინ თანხას სადაზღვევო კომპანია იხდის.

4. სიცილისგან სიკვდილის დაზღვევა

ფოტო: pathdoc / Shutterstock

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ინგლისელი კომიკოსი, რომელიც თავის იუმორისტულ უნარებში ისე იყო დარწმუნებული, რომ ერთ-ერთი შოუს დაგეგმვისას შეეშინდა, მაყურებლები სიცილით არ დაიხოცონო. რა უნდა ექნა? მიადგა Lloyds of London-ს და ასეთი შემთხვევით გამოწვეული ფინანსური ზარალის დაზღვევა სთხოვა.

ლოიდსმაც, რომელიც განთქმულია თავისი უცნაური დაზღვევებით, კომიკოსს უარი არ უთხრა და მისი წარმოდგენა დააზღვია.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ლოიდსს ამ პოლისის ანაზღაურება არ მოუწია.

5. ვამპირებისა და მაქციების ნაკბენებისგან მიყენებული ზიანის დაზღვევა

ფოტო: Kamil Macniak / Shutterstock

90-იანების შუაში დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რომ ვამპირი დაძრწოდა გახსოვთ? არც არავის ახსოვს, იმიტომ რომ თვალით არავის უნახავს, მაგრამ მაშინდელი ქართული გაზეთები აჭრელებული იყო ამ შემაშფოთებელი ცნობით და შებინდებისას ხალხი დელისის მეტროს ტერიტორიას ერიდებოდა. მართალია, იმ პერიოდში დაბნელებულზე გარეთ ბოდიალი ყველა უბანსა და კუთხეში იყო სახიფათო, მაგრამ თბილისელებისთვის რომ გეკითხათ, ისინი უმალ "დუბლიონკას" დათმობდნენ, ვიდრე სისხლს.

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენს ცხოვრებაში ვამპირებთან ან მაქციებთან შეხვედრის რისკი არსებობს, აუცილებლად მოიმარაგეთ ნიორი, ვერცხლის ტყვიები და მაგიდის ფეხი.

ინგლისში მდებარე The Royal Falcon Hotel-ის ხელმძღვანელობამ თავისი მომსახურე პერსონალის ზებუნებრივი არსებებისგან დაცვის არაორდინალური ხერხი მოიფიქრა. თუ რომელიმე მათგანს ვამპირი უკბენს ან მაქცია დაგლეჯს, მიყენებული ზიანის ხარჯებს დაზღვევა აანაზღაურებს, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში თანხას ოჯახის წევრები მიიღებენ.

ვამპირის, მაქციის ან პოლტერგეისტის ავთენტურობა, სავარაუდოდ, დოქტორმა ვან ჰელსინგმა ან სემ და დინ ვინჩესტერებმა უნდა დაადასტურონ.

6. წყლის ჩასვლის დაზღვევა

ფოტო: volkovslava / Shutterstock

სამსახურში ან მეგობრებთან ერთად ყოფნისას დაურეკავთ თქვენთვის და უთქვამთ, რომ თქვენი ბინიდან წყალი ჩადის? ან თქვენ თუ დაგირეკავთ ვინმესთან და მოგითხოვიათ, სასწრაფოდ შეაკეთონ როგორც თქვენი ჭერი, ასევე თავიანთი მილები? თუ ასეთი რამ არასდროს შეგმთხვევიათ, გამორიცხულია ერთ ადამიანს მაინც არ იცნობდეთ, ვისაც ერთხელ მაინც გაუფუჭეს ახალი რემონტი ან თუნდაც ძველი კედლები.

მართალია, ამაზე უარესი ამბებიც ხდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გაფუჭებულ ჭერზე და კედლებზე არ ნერვიულობთ?

გარდა ნერვებისა, სახლისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას ბევრი ფული და დრო მიაქვს. მთელი შპალერი უნდა ჩამოიხეს, ახლიდან გაიკრას, ჭერი შებათქაშდეს, მერე ამ ყველაფრისგან გამოწვეული არეულობა დალაგდეს, სახლში დაგროვილი საშინელი მტვერი გაიწმინდოს, მოკლედ, საშინელებაა.

რა უნდა ქნათ ასეთ დროს? უნდა დაეზღვიოთ. ეს თანხასაც დაგიზოგავთ, დროსაც და ნერვებსაც.

7. "ვაიმე, დავიღუპე!"-ს დაზღვევა

ფოტო: Creativa Images / Shutterstock

"ვაიმე, დავიღუპე!" - არის ფრაზა, რომელიც აღმოხდება მძღოლს, რომელსაც ჰყავს იაფფასიანი ან ძველი მანქანა და შემთხვევით ისეთ ავტომობილს დაარტყა ან მიარტყა, რომლის ცალი ფარიც მინიმუმ $3000 ღირს ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ არ იშოვება.

გარდა ფინანსური ზარალისა, ასეთ შემთხვევებში მეტად უსიამოვნო საუბარი მოგიწევთ ძვირფასი ავტომობილის მფლობელთან, რომელიც შეიძლება სულაც ბაბულიკი აღმოჩნდეს ან ზედმეტად დრამატული ადამიანი, რომელიც მანქანას ისე დაჰფოფინებს, რომ ოჯახის წევრებს შიგნით მანამდე არ სვამს, ვიდრე ჯანმრთელობის ცნობასა და დღეში 7-ჯერ ბანაობის დამადასტურებელ მოწმობას არ წარმოუდგენენ.

რა უნდა ქნათ ასეთ დროს? ბევრს ვერაფერს იზამთ, უნდა მოისმინოთ ამ ადამიანის ისტერიკა და მერე ფულიც გადაიხადოთ, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი ვარიანტი - დაზღვევა. დაზარალებული მძღოლის ტანტრუმიც შეგიძლიათ ერთ ყურში შეუშვათ და მეორედან გამოუშვათ.

8. ცუდი უფროსის ცუდი გადაწყვეტილების დაზღვევა

რა შეიძლება იყოს ცუდ უფროსზე ცუდი? ბევრი რამ, მაგრამ ცუდი უფროსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ართულებს. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც არ ნებდებით და რამდენიმე თვით ადრე აწყობთ გეგმებს, ყიდულობთ ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს და ჭკუაზე არ ხართ.

ერთ დღესაც მიდიხართ სამსახურში, გგონიათ, რომ შვებულების სათხოვნელად საუკეთესო მომენტი შეარჩიეთ, ოფისში სიმშვიდეა, უფროსიც კარგ ხასიათზე და გუშინ შეგაქოთ კიდეც. თავდაჯერებული აღებთ მისი კაბინეტის კარს და ყოყმანის გარეშე ეუბნებით, რომ ფესტივალზე წასასვლელად რამდენიმედღიანი შვებულება გჭირდებათ, მაგრამ ცუდი უფროსი რისი ცუდი უფროსი იქნება, ამის უფლება რომ მოგცეთ? თქვენ მთელი ოცნებები და გეგმები თავზე გენგრევათ.

რა შეიძლება ქნათ ამ დროს? სამსახურიდან წამოსვლა ცუდი იდეაა, დაკიდება და მაინც წასვლაც არ ვარგა. მოგიწევთ ბილეთების გაყიდვა და ამაზე ცალკე ენერგიის დახარჯვა. ამ უაზრო პროცესს თავიდან აიცილებთ, თუ ბილეთები დაზღვეული გექნებათ. ამ შემთხვევაში დახარჯული თანხა უმტკივნეულოდ აგინაზღაურდებათ.

9. უბედურების ზარის ჩამოკვრის დაზღვევა

ფოტო: iDin / Shutterstock

წარმოიდგინეთ, მუშაობთ, გაქვთ ხელფასი, ცხოვრობთ მშვიდად, გაქვთ სტაბილურობის შეგრძნება და რაღაც მიზეზის გამო აიღეთ სესხი. ამ სესხს ყოველთვიურად, დროულად, ყველანაირი გადაცილების გარეშე იხდით, თქვენც ბედნიერი ხართ და ბანკიც. რისთვისაც ეს სესხი აიღეთ, იმასაც მშვენივრად იყენებთ და მოკლედ, ცხოვრება ნორმალურად და ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

ერთ მშვენიერ დღესაც, რომელიც როგორც მომავალში გაირკვევა, სულაც არ ყოფილა მშვენიერი, სამსახურს კარგავთ. შესაბამისად, აღარც ხელფასი გაქვთ, სესხი კი გადასახდელია. რა უნდა ქნათ? შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის სასიამოვნო. თუ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი ხართ, რამე დანაზოგი გექნებათ და იმას უნდა მოაკლოთ და ახალი სამსახურის შოვნამდე სესხი ასე დაფაროთ - რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დანაზოგი, სავარაუდოდ, სხვა სასიამოვნო აქტივობისთვის ან რაღაცის საყიდლად გჭირდებოდათ. შეგიძლიათ ფული მეგობარს ესესხოთ, მაგრამ ამასაც ხო უნდა გასტუმრება? მოკლედ, უბედურების ზარი გამაყრუებლად რეკავს და თქვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ.

10. ბარგის დაზღვევა

ფოტო: pixelrain / Shutterstock

რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა მოგზაურობისას თქვენ ან თქვენს თანამგზავრს ბარგი დაუკარგავს? საშინელებაა. ჯერ ბარგს დიდხანს და უშედეგოდ უნდა ელოდოთ, მოგეშალოთ ნერვები, თავ-ბედი იწყევლოთ და თქვათ, რომ "აი, სულ ასე ხდება, თქვენი ბარგი ყოველთვის ბოლოს გამოდის", არადა აეროპორტი უკვე დაცლილია და ყველა წავიდა, ყველამ აიღო თავისი ჩემოდანი, მხოლოდ თქვენი არ ჩანს.

ამის შემდეგ უნდა მიხვიდეთ რაღაც დახლთან და დაკარგული ბარგის შესახებ ანკეტა შეავსოთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ელოდოთ, როდის დაგირეკავენ და გეტყვიან, თქვენს ბარგს სადღაც ავსტრალიაში მივაკვლიეთ და მოგვაქვსო. ეს პროცესი რამდენიმე დღე იწელება. ამ დროს კი თქვენ პირველადი მოხმარების ნივთებიც კი არ გაქვთ. გიწევთ ყველაფერი ახლიდან იყიდოთ და ზედმეტი თანხა დახარჯოთ იმაში, რაც უკვე გქონდათ.

ჩამოთვლილი 10 დაზღვევიდან ბოლო ხუთი საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ და ნამდვილად არ გაწყენთ მათი გამოყენება; თანაც ამ პოლისების შეძენა მარტივად და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. ამ ყველაფრის დაზღვევასა და დაცვაში თიბისი დაზღვევა დაგეხმარებათ.