ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. როგორც წესი, ინტერვენციის ძირითადი მიზანი ეროვნული ვალუტის მერყეობის შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი აუქციონი სებ-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე განახორციელა.

"2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,1186 შეადგინა", — ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

მიმდინარე წელს ეს ეროვნული ბანკის მე-9 სავალუტო ინტერვენციაა. 2021 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.