ჭიათურაში სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტის — საბაგიროს აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. ამ ეტაპზე, აქტიურად მუშაობენ სადგურების განახლებაზე. პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა ბაგირები, მართვის სისტება და რაც ყველაზე მთავარია, სრულად განახლდა ისტორიული, უნიკალური, სამგზავრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, ასევე, გონდოლების პირვანდელი სახე.

სახალხო-სამგზავრო საბაგიროს და სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ, სამუშაო განსაკუთრებული სიფრთხილით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვით ტარდება.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ორგონდოლიანი საშევარდნოს ხაზი ორივე მიმართულებით 14 მგზავრისთვისაა გათვალისწინებული. ხაზის სიგრძე 250 მეტრია, სადგურებს შორის სიმაღლე 186 მეტრი, დახრის კუთხე 48 გრადუსი. მოძრაობის ხანგრძლივობა 1.7 წუთი, სიჩქარე კი 2.8 მეტრი წამში.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

საბაგირო ხაზი, გონდოლების და სადგურის აღდგენას კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უზუნველყოფს. საბაგირო დაახლოებით 2 წელია არ ფუნქციონირებს, რადგან სამგზავრო ხაზი, ისევე, როგორც გონდოლები, მთლიანად ამორტიზირებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მგზავრობა სრულად უსაფრთხო გახდება, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ფოტო: ჯორჯიან მანგ

ჭიათურაში პირველი სამგზავრო კიდული ბაგირგზა ჭიათურა-პერევისა, ე.წ 25-ის გზა 1954 წელს გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით აშენდა. 1966 წელს კი კვლავ გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით გაკეთდა უნიკალური სახალხო-სამგზავრო ბაგირგზა ნინოშვილის ქუჩიდან საშევარდნოზე. ეს საბაგირო ხაზი ჭიათურის სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებში. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში გაიზრდება სტუმართა რიცხვი, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ჭიათურის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებაზე.