ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ტელეკომპანია ფორმულას მეწილის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე დასმული კითხვის პასუხად აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული ქეისი არ იცის. თუმცა მისი თქმით, "ნაცმოძრაობის ტელევიზიები" თავის დროზე სახელმწიფოსა და ხალხისთვის მოპარული ფულით ფინანსდებიან და ვარაუდობს, რომ კეზერაშვილის საქმე ამას უკავშირდება.

"ტელევიზიებზე რომ საუბრობთ, ეს არის თავის დროზე სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული ტელევიზიები და სხვა ფიანნსური რესურსი... ხომ ყველამ ვიცით? ამაზე არავინ საუბრობს სხვათაშორის, ათეულობით მილიონი ლარი სჭირდება ერთი ტელევიზიის შენახვას, მაშინ თქვან, თუ ასე არ არის. ეს შეიძლება პოლიტიკური განაცხადი იყოს და კონკრეტული ქეისი მე არ ვიცოდე ნამდვილად თავდაცვის სამინისტროში რა ხდება, მართლა არ ვიცი და ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ გაძლევთ, მაგრამ ტელევიზიებმა თქვან, მათმა მენეჯერებმა პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, თქვან საიდან ფინანსებიან ისინი რეალურად", — აცხადებს მდინარაძე.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ სხვა ტელევიზიების დაფინანსების წყარო ცნობილია, თუმცა "ნაცმოძრაობის ტელევიზიების" დაფინანსებაზე საზოგადოებამ არ იცის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.

7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.

გაიგე მეტი: