რამდენიმე თვის წინ ბრიტანელმა მწერალმა, კეიტ ლისტერმა ისეთი რამ გააცნობიერა, რაც მრავლისთვის აღმოჩნდა დამაფიქრებელი. მან ტვიტერზე დაწერა: "რამდენი წლის იყავით, როცა გაიაზრეთ, რომ თქვენი თავდაპირველი გეგმა, ყოფილიყავით თავაზიანი, შრომისმოყვარე, საჭიროზე მეტი პასუხისმგებლობის ამღები და ავტომატურად დაწინაურდებოდით, სრული სისულელე იყო?"

რაც უნდა ცინიკური ყოფილიყო ეს კითხვა, მან დიდი გამოხმაურება გამოიწვია: ტვიტი 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა ან გადააზიარა.

"მართალია, ჩვენ ბავშვობიდან ყურები გვაქვს გამოტენილი იმ შეგონებებით, რომ თავაუწეველი შრომით ყველაფერს მივაღწევთ, სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა", — აღნიშნავს წიგნის, მონდომებით შრომა საკმარისი არაა: მოულოდნელი სიმართლე სამსახურებრივი წარმატების შესახებ, ავტორი, ჯეფ შენონი. ის მიიჩნევს, რომ "მონდომებით შრომა" კარიერის პირველ საფეხურებზე მნიშვნელოვანია და ეს სამსახურში პოზიციის შენარჩუნებაში დაგეხმარება. თუმცა მხოლოდ შრომისმოყვარეობა მწვერვალამდე ვერ მიგაღწევინებს. "გარკვეულ ეტაპზე შენ გარშემო მიმოიხედავ და გააცნობიერებ, რომ ამ საფეხურზე ყველა მონდომებით მუშაობს. შენგან ექსპერტიზას და მუხლჩაუხრელ შრომას ყველა ისედაც მოელის და მხოლოდ ამ თვისებების ქონის გამო ნაკლებად დაგაწინაურებენ".

ასე რომ, დიახ, უსამართლო სისტემა მხოლოდ შრომას სათანადოდ არ აფასებს და ამის გაცნობიერება ყველა იმ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც კარიერულ კიბეზე ასვლას ცდილობს. დასაწინაურებლად საკმარისი არაა, შენს საქმეს კარგად ასრულებდე. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ცხადი, როცა ხედავ, როგორ აღწევენ წარმატებას შენი ის თანამშრომლები, რომლებსაც პროფესიული უნარებით თუ არ აღემატები, არაფრით ნამდვილად არ ჩამოუვარდები, შენ კი ამ დროს ერთ ადგილს ტკეპნი. ხშირად ისინი, ვინც ზევით იწევენ, საჭირო კონტაქტებს ამყარებენ მაშინ, როცა შენ შენს უშუალო საქმეში ხარ ცხვირით ჩაფლული და ვერც კი ამჩნევ, რა ხდება ამ დროს შენ გარშემო.

"მონდომებით გარჯა დიდად არ ფასდება, თუ არავინაა ისეთი, ვინც ამ შრომას დაინახავს", — ამბობს შენონი, — "იმისათვის, რომ ეს ძალისხმევა დაწინაურებით დაჯილდოვდეს, ამისათვის სხვებს საკუთარი შრომა და თავი უნდა შეამჩნევინო".

შენს სამუშაო მაგიდამდე სხვებზე ადრე მისვლა საკმარისი არაა — შენ საკუთარ მიღწევებს ხმამაღლა უნდა გაუსვა ხაზი.

ფოტო: Getty Images

"ტიარას ეფექტის" მახე

"მონდომებით შრომა კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს საკონსულტაციო კომპანიის, Negotiating Women, პრეზიდენტი, კეროლ ფროლინგერი, — "თუმცა იმის ლოდინი, სხვები თავისით როგორ შეამჩნევენ ამას, კარგს არაფერს მოგიტანთ".

ფროლინგერი ამგვარ ქცევას "ტიარას ეფექტს" უწოდებს: "ადამიანები ბოლომდე იხარჯებიან, საოცარ შედეგებს აღწევენ და იმედოვნებენ, რომ ამას უფროსები შეამჩნევენ, მოვლენ და თავზე ტიარას დაადგამენ. მაგრამ ეს ასე, როგორც წესი, არ ხდება. უფრო ხშირად ის ადამიანები, ვინც კარგად მუშაობის მეტს არაფერს აკეთებენ, შეუმჩნეველნი რჩებიან. ამგვარად, როცა ვინმეს დაწინაურების დრო დგება, ისინი არავის ახსენდებიან".

ეს გარემოება სრულ წინააღმდეგობაშია იმ სოციალურ წვრთნასთან, რომელიც სკოლის პირველივე კლასებიდან იწყება და მოსწავლეებს ასწავლის, რომ ჩუმი, მუხლჩაუხრელი შრომა წარმატების გარანტია. რადგან მასწავლებლები ბავშვებს ამგვარ თვისებებს უფასებენ, ისინი მოგვიანებით მოელიან, რომ სამსახურში უფროსებიც ასე მოექცევიან. ამიტომ ახალგაზრდებს იმედი უცრუვდებათ, როცა მუშაობის დაწყების მერე აცნობიერებენ, რომ ხშირ შემთხვევაში მათ ტვინებში პატარაობიდან ჩაბეჭდილი გაკვეთილი ნაკლოვანია.

ფროლინგერი იმასაც ურთავს, რომ, მართალია, ჩუმად მომუშავე კაცებს და ქალებს ერთნაირად არ უფასებენ გარჯას, თუმცა ამ ტენდენციისგან ქალები ხშირად მეტად ზარალდებიან, რადგან საზოგადოებაში კაცებისგან უფრო მიღებულია საკუთარ მიღწევებზე ხმამაღლა საუბარი. "ქალების შემთხვევაში ეს ხშირად ტრაბახად აღიქმება, ხოლო მკვეხარა ქალები ხშირად ისჯებიან", — აღნიშნავს ის.

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სტერეოტიპს? პასუხი — ქალებისა და კაცებისთვისაც — ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყურადღების მიქცევის ის გზა, რომელიც ჩვენს მიღწევებს წლიური შეფასებების მიღმაც წარმოაჩენს. ბევრ კომპანიაში შენ ელოდები წლის ბოლოს, რათა სავალდებულო თვითშეფასების ფორმის შევსებით ჩამოთვალო შენი "საგმირო საქმეები". მაგრამ ეს საკმარისი არაა.

სანაცვლოდ, ფროლინგერი გვირჩევს, რომ უფროსს ლაკონიურად, მაგრამ უფრო ხშირად გავაცნოთ ხოლმე ჩვენი საქმიანობის შედეგები — თანაც ისე, რომ წარმატებები კონკრეტულ კონტექსტში ჩავსვათ. "ეს შეიძლება იყოს მოკლე იმეილი, რომელშიც ჩამოთვლი, რას მიაღწიე და როგორ დაეხმარა ეს მიღწევა კომპანიას. მაგალითად, წარმოაჩენ, რა წვლილი შეიტანე ჯგუფურ სამუშაოში ან როგორ დაზოგა შენი დახმარებით კომპანიამ ფული", — ამბობს ის და ურთავს, რომ მსგავსი თვითშეფასებების სიხშირეს და სწორი სიტყვების არჩევას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, — "არავის უნდა ამის ყოველდღე მოსმენა. ხოლო ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა, ჩემი გუნდი და მე, გეხმარება, თავი ისე შეიქო, რომ თანამშრომლებისადმი მადლიერებაც გამოაჩინო".

ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმას მისცემ მსგავს თვითშეფასებას. უფროსს, შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოს, რომ შენ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტე თავის ქება. მაგრამ თუ ამას უფროსისთვის "საქმის ვითარების გაცნობას" დაარქმევ, უკეთეს შედეგსაც მიიღებ.

კავშირების დამყარების ფასი

თუმცა ზოგ სამუშაო სფეროში ან ინდუსტრიაში ესეც კი შეიძლება, დასაწინაურებლად არასაკმარისი აღმოჩნდეს, რადგან შენ, ამასთან, სხვებს თავი უნდა მოაწონო და დაამახსოვრო. "თუ გსურს, გავლენიანი იყო, ადამიანები უნდა გენდობოდნენ", — ამბობს შენონი და საილუსტრაციოდ წინასაარჩევნო პერიოდებში კანდიდატების ქცევის გახსენებას გვთავაზობს.

თავჩაღუნულად მუშაობა იმის გარანტი არაა, რომ უფროსები შეგამჩნევენ და შეგაქებენ.

ფოტო: Getty Images)

მოკლედ რომ ვთქვათ, კარიერულ კიბეზე ასასვლელად კარგ მომუშავესთან ერთად ცოტათი პოლიტიკოსიც უნდა იყო.

"შენ ლიდერად უნდა აღიქმებოდე", — გვიხსნის ფროლინგერი, — "შენ ყველას უნდა მოსწონდე: მათაც, ვინც შენს საფეხურზე დგას, ზემდგომებსაც და ქვემდგომებსაც. კვლევებით დასტურდება, რომ თანამშრომლების შეფასებისას ისინი, ვინც ხალხს მოსწონს, ყველაზე მაღალ ქულებს აგროვებენ მაშინაც კი, როცა სხვების მსგავსად მუშაობენ". და სწორედ აქაა უსამართლობა: შენ და შენს კოლეგას, შეიძლება, ზუსტად ერთნაირი უნარები და სამუშაო ეთიკა გქონდეთ, მაგრამ თუ მან მეტი დრო დაახარჯა ოფისში მეგობრების შეძენას, ის უკეთეს თანამშრომლად აღიქმება. უფროსებიც ხომ რიგითი მოკვდავები არიან: მათთვისაც ინსტინქტურია, რომ ის თანამშრომლები დააფასონ, ვინც პიროვნულად ეხატებათ გულზე.

კარგი ამბავი ისაა, რომ სამსახურში პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება ყოველთვის შესაძლებელია. არსებობს ზოგადი ტაქტიკები, რომლებიც დაგეხმარება, ოფისში პოპულარული გახდე. ამის მიღწევის საუკეთესო გზა თანამშრომლებისადმი ყურადღების გამოჩენაა. "შენ უნდა გამონახო ის არასამსახურებრივი თემები, რომლებიც ადამიანებთან დაგაკავშირებს", — გვირჩევს ფროლინგერი, — "დაფიქრდი, ვის აქვს შენი მსგავსი ჰობი ან ინტერესები. ვთქვათ, მე ვიცი, რომ მებაღეობა გიყვარს, ამიტომ როცა ამ თემაზე სტატია შემომხვდება, აუცილებლად გაგიზიარებ. ეს უმარტივესია, შედეგად კი უფრო მოგეწონები".

მართალია, მსგავს ქცევას ოდნავ მანიპულაციის სუნი ასდის, თუმცა ის, რეალურად, არავის ავნებს. თუმცა ამ რჩევების გათვალისწინებამ, შესაძლოა, პრიორიტეტების გადაფასება მოითხოვოს მისგან, ვისაც სოციალიზაციას საქმეზე კონცენტრაცია ურჩევნია. მაგრამ ინსტინქტის საწინააღმდეგოდ წასვლა ზოგჯერ სასარგებლოა. ყველა ეს ტაქტიკა კარიერის აშენების პროცესის თანამდევია, რაც, ფროლიგნერის აზრით, თითოეული მომუშავის პასუხისმგებლობაა: "თუ საკუთარ კარიერას თავად არ მიხედავ, ამას შენ მაგივრად არავინ გააკეთებს", — გვაფრთხილებს ის.