ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავრობის მიზანია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გააორმაგოს. ის ამბობს, რომ მთავრობას აქვს "ამბიციური გეგმები", რაც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

"ჩვენი მიზანი არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის დაძლევა. ასევე, ის, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გახდეს თვითუზრუნველყოფილი და თვითკმაყოფილი. რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. 2022 წლიდან ვიწყებთ მასშტაბური პროგრამების განხორციელებას. 2,5 მლრდ ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ასევე, სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტირებას", — აცხადებს პრემიერმინისტრი.

ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლები აქვს.

"დღეს გამოქვეყნდა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 10,3 % შეადგინა აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვარ-აგვისტოს პერიოდში 12% არის ეკონმიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელს რეგიონში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრს არ უხსენებია ის ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის აგვისტოში ეკონომიკის ვარდნა 5,3% იყო, მიმდინარე მონაცემების დათვლისას მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო ეფექტი თამაშობს. სწორედ ამიტომ, სრული სურათის სანახავად არსებული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებსაც უნდა შევადაროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის აგვისტოში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია 4,5%-ით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა.