ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, პოლიტიკოსების მხრიდან არათანაბარი მიდგომა სატელევიზიო ჟურნალისტებისა და ონლაინ მედიის მიმართ პრობლემური და დაუშვებელია. ასე ეხმაურებიან ქარტიაში 3 ოპოზიციური პარტიის პრესკონფერენციას, რომელზეც მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები მიიწვიეს.

ქარტიაში განმარტავენ, რომ მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს.

"დაუშვებელია ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ოპოზიციის მხრიდან გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია", — წერია განცხადებაში.

ქარტია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.

დღეს, 29 სექტემბერს 3 ოპოზიციური პარტიის: ნაციონალური მოძრაობის, გირჩი — მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები მედიას შეხვდნენ, თუმცა პრესკონფერენციაზე მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები მიიწვიეს. ონლაინ მედია ღონისძიებას არ ესწრებოდა. პრესსამსახურებში ამის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებენ და ამბობენ, რომ სასტუმროში, სადაც შეხვედრა ჩატარდა, მხოლოდ 20 ადამიანი დაშვების უფლება მისცეს.

ონლაინ გამოცემა პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი პარტიების მიდგომას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამგვარი დაყოფა გაუგებარია. ნეტგაზეთის რედაქტორი, დათო ქოქოშვილი კი ამბობს, რომ პრესკონფერენციაზე არმიწვევა განსაკუთრებულად პრობლემურია იმ ფონზე, როცა არც ნიკა მელიამ და არც მისმა ძირითადმა კონკურენტებმა, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ მანამდე არ ჩათვალეს საჭიროდ ინტერვიუ მიეცათ თბილისთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ამ მიდგომას მიუღებელს უწოდებს On.ge-ს მთავარ რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ონლაინ მედიას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

"გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები კითხვებს ისედაც ხშირად გაურბიან, ტელევიზიებს მაინ მეტ-ნაკლებად ეკონტაქტებიან, ჩვენთვის კი ბარიერი უფრო დიდია. მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატებთან გვსურდა ინტერვიუ მათ ხედვებთან დაკავშირებით, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც ყველა კვლევით ყველაზე მეტი რეიტინგი აქვთ, ანუ კახა კალაძე, გიორგი გახარია და ნიკა მელია ჩვენთვის ვერ იცლიან. ზუსტად ამ ადამიანებს ყოველ დღე ვხედავთ სხვადასხვა არხის ეთერში", — ამბობს ხატია ღოღობერიძე.