მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველას, ვინც საარჩევნო პერიოდში არეულობას შეეცდება, ყურებს დააჭრიან. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ "დაპირისპირება და თავპირისმტვრევა, რასაც ქართული ოცნება გვიანონსებს", თეორიული მსჯელობაა და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

"არ მივცემთ არავის რადიკალიზაციის და თავ-პირის მტვრევის შესაძლებლობას და ამიტომ არიან ჩვენი ევროპარლამენტარები დღეს საქართველოში. პარასკევს მაქვს მათთან საბოლოო შეხვედრა, მანამდე ვკონტაქტობთ ახლა სოციალური ქსელების თუ ტელეფონის მეშვეობით. მაგიტომ არის ამდენი დამკვირვებლები. ვინც არეულობას შეეცდება, ყურებს დავაჭრით სუყველას, პირდაპირ გეტყვით... ეს გადატანითი მნიშვნელობით", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში მათ ასი ათასობით მხარდამჭერის მობილიზება შეუძლიათ. მისივე თქმით, სააკაშვილს სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს.

27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.