ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებენ, ქართველი ხალხი და პარტნიორი ქვეყნები მას ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. გოცირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული", — აცხადებს გოცირიძე.

ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს შალვა პაპუაშვილს. მისი აზრით, საერთაშორისო პარტნიორებს სურვილი არ ექნებათ ჩაერიონ სააკაშვილის საპატიმროდან დახსნის საკითხში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომლის შეფასებითაც არჩევნების დღეს ექსპრეზიდენტის დაბრუნება საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.