ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მას ახლა წარმოდგენა არ აქვს, როგორ ხდება პარტიაში გადაწყვეტილებების მიღება და "ვინ მოყავთ, ვინ მიყავთ". ასე უპასუხა მან კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მოშე კლუგჰაფტის გეგმის ნაწილია.

ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული გეგმის შედგენა ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე.

"მადლობა ღმერთს, 9 თვეა უკვე იქ აღარ ვარ. იქ როგორ ხდება ახლა გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოყავთ, ვინ მიყავთ, ვინ რას პირდება, წარმოდგენა არ მაქვს, არ მაინტერესებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით", — ამბობს გახარია.

მთავარმა არხმა 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია ებრაელი პოლიტტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტისა და ქართული ოცნების კონტრაქტის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად რამდენიმე მიზანია გაწერილი. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ამ მიზნებში აღნიშნულია ოპოზიციური არხების, ცალკეული ჟურნალისტების დისკრედიტაცია და ასევე, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილი და ღრმად დახვეწილი სტრატეგიის" დაგეგმვის საჭიროება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ გახარიას წინააღმდეგ ერთ--ერთ სტრატეგიად ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული ნარატივის შექმნა განიხილებოდა.