5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების გამოძიების მოთხოვნით ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ გენერალურ პროკურატურას მიმართა. საია-მ განცხადება 9 დაზარალებული ჟურნალისტის სახელით შეიტანა.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდეც მოუწოდებდნენ პროკურატურას, შეეფასებინა, ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად/აღსაკვეთად რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება, გამოძიება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს და მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენაზე მუშაობენ.

"როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები, ასევე, დაზარალებულების ახსნა-განმარტებები მიანიშნებს, კონტრაქციის მონაწილეთა წინასწარ დაანონსებული მობილიზაციის მასშტაბების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება. კერძოდ, პრობლემური იყო შსს-ს მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც გულისხმობდა მომხდარი ძალადობის პრევენციასა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროულ აღკვეთას.

აშკარაა, რომ სამინისტროს საქმიანობა არ იყო დაგეგმილი იმგვარად, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქციის მონაწილეთა თუ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის დაზიანება და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა", — აცხადებენ საია-ში.

წარდგენილი განცხადებით, საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებთან მიმართებით. კერძოდ, გამოძიება წარიმართოს როგორც შსს-ს ხელმძღვანელი პირების, ისე ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიმართულებით.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.