"აიღე ფული და გაიქეცი" — ასე ჰქვია დანიელი ხელოვანის, ჯენს ჰაანინგის ახალ ნამუშევარს, რომელიც ორ ცარიელ ჩარჩოს წარმოადგენს. დანიაში მდებარე კუნსტენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა გამოფენა ფულსა და ხელოვნებას შორის არსებულ ურთიერთობას მიუძღვნა. მუზეუმმა ჰაანინგს გამოფენისთვის ორი ძველი ნამუშევრის ხელახლა შექმნა დაავალა.

ფოტო: Jens Ziehe / Courtesy Sabsay Gallery

რამდენიმე წლის წინ ჰაანინგმა აღნიშნული ნამუშევრების შესაქმნელად ევროსა და კრონის ბანკნოტები ცარიელ ჩარჩოში ჩასვა. ხელოვანმა ამ გზით 2007 წლის ნამუშევარში დანიელი მოქალაქეების, 2011 წლის ნამუშევარში კი — ავსტრიელი მოქალაქეების საშუალო ხელფასი წარმოადგინა.

ნამუშევრის შესაქმნელად მუზეუმმა ჰაანინგს 534 000 კრონა (დაახლოებით $84 000), ანაზღაურების სახით კი — 25 000 კრონა (დაახლოებით $3 900) გადასცა. როდესაც მუზეუმის თანამშრომლებმა შეკვეთა გახსნეს, შიგნით ორი ცარიელი ჩარჩო დახვდათ, სახელწოდებით "აიღე ფული და გაიქეცი".

ფოტო: Kunsten Museum of Modern Ar

მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ხელოვანმა თანხა 16 იანვრამდე უნდა დააბრუნოს. მას სჯერა, რომ ჰაანინგი ასეც მოიქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარჩელის აღძვრას აპირებს. დირექტორის თქმით, მუზეუმი მდიდარი სულაც არაა და თანხების განკარგვის საკითხს მუდამ დიდი სიფრთხილით განსაზღვრავს.

ჰაანინგი აცხადებს, რომ ფულის დაბრუნებას არ აპირებს.

"ნამუშევრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ფული ავიღე. ეს ქურდობა არაა. ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომელიც, თავის მხრივ, ნამუშევრის ნაწილია...იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით საშინელი სამუშაო პირობები აქვთ, იმავეს ვურჩევ", — ამბობს ხელოვანი.

ჰაანინგი თვლის, რომ იმაზე ბევრად უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდა, ვიდრე გეგმავდა.

"ხელოვანის თვალით დავინახე, რომ მათთვის იმაზე კარგი ნამუშევრის შექმნა შემეძლო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. არ ვთვლი, რომ ფული მოვიპარე. მე ხელოვნების ნიმუში შევქმენი, რომელიც 10-ჯერ ან 100-ჯერ უკეთესია იმაზე, რასაც თავდაპირველად ვგეგმავდი. რა პრობლემაა?", — ამბობს ჰაანინგი.

მუზეუმმა ჰაანინგის ნამუშევრები სათაურთან ერთად მაინც გამოფინა. მუზეუმის დირექტორს ნამუშევრებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და ინტერპრეტაცია გააჩნია.

"ფულისთვის მუშაობა აუცილებელია თუ მისი უბრალოდ აღებაც შეგვიძლია? რატომ ვმუშაობთ? მსგავსი კითხვები ჩვენი საზოგადოების კულტურულ ჩვევებზე გვაფიქრებს. ეს ასევე ეხება შემდეგ კითხვასაც: უხდიან თუ არა ხელოვანებს საკმარისად კარგად?", — ამბობს დირექტორი.

მიუხედავად ამისა, მუზეუმი ფულის დაბრუნებას მაინც ელოდება.