ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ ექნებათ სურვილი, ჩაერიონ მკვლელობისა და ცემის საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან დახსნის საკითხში. ასე უპასუხა მან ჟურნალსიტების კითხვას, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში ნიკა მელიას სცენარი განმეორდება.

"მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი ჩაერიოს მკვლელობის და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში", — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ჯგუფი რომლებსაც ექნება კითხვის ნიშანი სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა.

ჟურნალისტის კითხვაზე შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს და ხომ არ დაიწყება მის წინააღმდეგ ახალი გამოძიება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს. რაც შეეხება ახალა საქმეებს, პაპუაშვილი ამბობს:

"სხვანაირადაც რომ შევხედოთ, რა საჭიროება არსებობს ახალი საქმეების, როცა 2 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი".

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა. ამის დასადასტურებლად მან ფეისბუქზე კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე დაბრუნდება.

არსებობს მოლოდინი, რომ ჩამოსვლისთანავე სააკაშვილს დააკავებენ, რადგან მის მიმართ 2 საქმეზე განაჩენია გამოტანილი. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ როგორც კი ის ჩამოფრინდება, შესაბამისი სამსახურები მას მიხედავენ.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პროკურატურის განცხადებით, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ რეზონანსში ვალერი გელაშვილის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ის იმჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, სააკაშვილმა მერაბიშვილს სტატიის ავტორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა. სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობითა და იარაღის გამოყენებით და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში.

სააკაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს სანდრო გირგვლიანის საქმეზეც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული ყოფილი სამართალდამცავების ვადამდე ადრე გათავისუფლებას.