ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

"ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქართული ოცნების გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა [...]

ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასების შემდეგ, პაპუაშვილი შეეხო სხვა ტელევიზიების მიერ ჩატარებულ კვლევებსაც და მათ "რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა" უწოდა.

"ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით. ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ გამოქვეყნდა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ გორბის კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 49,6% ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, რესპონდენტთა 25,9% კი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევა, რომლის თანახმად, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% კი ნაციონალურ მოძრაობას.