პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარზე ეფექტიანი რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარების უნარი.

მარგველაშვილის განცხადება 22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცემეს, მისმა პრესსპიკერმა, ეკატერინე მიშველაძემ გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ძალადობის აღკვეთა სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა - კეთილი ნება:

ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

გიორგი მარგველაშვილი

"ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარების უნარი".

პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხდარზე დროული და ეფექტური რეაგირება. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს:

"მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია".