საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ეკიპაჟი უჩვეულო მისიით გაეშვება. რეჟისორი კლიმ შიპენკო და მთავარი როლის შემსრულებელი — იუკია პერსილდი ISS-ის რუსულ ნაწილზე 10 დღეს დაჰყოფენ, იმისათვის რომ კოსმოსში ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღონ. გადაღებები მომავალ კვირას, 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

ფილმს The Challenge ჰქვია და როგორც NYT იტყობინება, მოგვითხრობს ქირურგზე, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების სიცოცხლის გადასარჩენად იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ერთგვარი შეჯიბრი იყო გაჩაღებული იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყანა გადაიღებდა პირველ მხატვრულ ფილმს კოსმოსში. ამ ნაბიჯით კი ამ საქმეში რუსეთი წინაურდება.

კოსმოსური სადგურის ნაწილის გადასაღებ მოედნად ქცევა ორბიტაზე ცხოვრების უფრო ავთენტურ გამოსახულებების მიღების შესაძლებლობას მისცემს რეჟისორს, ვიდრე ეს სხვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების შემთხვევაში მომხდარა. თუმცა, როგორც ფლინდერსის უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ექსპერტი, ალისა გორმანი აღნიშნავს IFLScience-თან, ფილმს მაინც ექნება ზოგიერთი ელემენტი, რომლებიც რეალური მეცნიერების საზღვრებს გადალახავს.

კერძოდ, სიუჟეტის მიხედვით, პერსილდის პერსონაჟი კოსმოსურ სადგურზე ოპერაციას ატარებს ადამიანზე, თუმცა, მსგავსი რამ ISS-ზე მხოლოდ ცხოველებზე, ექსპერიმენტის ფარგლებში მომხდარა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ როგორი იქნება გამოგონილი საოპერაციო სივრცე კოსმოსურ სადგურში, თუმცა, უდავოდ საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორი გამოვა ფიქციის, სამეცნიერო ცოდნისა და კოსმოსური გადაღებების შედეგი.