გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბიძინაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი პოლიციამ გვარის გამო დააკავა. ლევან ბიძინაშვილის თქმით, შვილს ტელეფონი გამორთული აქვს და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. პოლიციიდან კი არავინ დაკავშირებიათ.

"სოფელში, უბანში იყო გასული. მეგობარმა მითხრა, რომ პოლიციის მანქანა იყო, გვარი შეეკითხეს და გვარის მიხედვით დააკავეს. დიდი ალბათობით პოლიტიკური თემა იქნება", — ამბობს ლევან ბიძინაშვილი ჟურნალისტებთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება რამდენჯერმე შეეცადა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოიკვლევენ და გაგვაგებინებენ. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის მაჟორიტარის შვილი ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკურად იძალადა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა.