ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული Pfizer-ის დოზების ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს. ის ამტკიცებს, არსებული დოზების ათვისებას ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიუხედავად შევძლებთ.

"იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. Pfizer-ის მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის, ნაწილს ვადა აქვს, დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე. საკმაოდ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, Pfizer-ის დოზების შესაბამის პირობებში შენახვის შემთხვევში მის ვარგისიანობის ვადა სამი თვით ხანგრძლივდება.

"ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ რამოდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, ფაიზერის ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90-დან -60 გრადუსის პირობებში, კიდევ დამატებით სამი თვე აქვთ მოქმედების ვადა, ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულოა ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

23 სექტემბერს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვადა გასდის და მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

გაიგე მეტი: