პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით მიესალმება. დოლიძის თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება ქართული ოცნებისგან და გიორგი მარგველაშვილის გზას ადგება. ის, ასევე, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ზურაბიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დაიკავოს და პარტიული წარმომადგენლის ფუნქციას ჩამოშორდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის. როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა. რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება", — ამბობს ანა დოლიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ჟურნალ JDD-სთან ინტერვიუში თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, მან, ასევე, დასძინა, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას კოალიციური მთავრობა, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.