უკვე წელიწადზე მეტია, რაც ონლაინვაჭრობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. რასაკვირველია, ციფრული გაყიდვები პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა, ფორსმაჟორულმა სიტუაციამ პროცესი უფრო გაააქტიურა. ჩვენთვის, მომხმარებლისთვის, ეს კომფორტული შესაძლებლობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ადგილობრივი ბაზარი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასასვლელად მზად არ აღმოჩნდა. სწორედ აქ გამოიკვეთა მსხვილი კორპორაციების დახმარების საჭიროება.

საქართველოს ბანკმა VISA-სთან ერთად ციფრული ადაპტაციის პროგრამა — Adapter — წამოიწყო. გარდა იმისა, რომ პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულებისკენაა მიმართული, მას ქალი მეწარმეების გაძლიერების როლიც აკისრია. ამიტომ, მასში ჩასართველად საქართველოს ბანკის მომხმარებელი ქალი მეწარმეები შეირჩნენ. მათ ბრენდებს ბანკმა პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი სერვისი შესთავაზა: დისტანციური გაყიდვების ოპერირება, მასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურება და სხვა. ამ ყველაფერთან ერთად, ბანკი კომპანიების ცნობადობის ამაღლებასაც უზრუნველყოფს, რაც, ცხადია, პირდაპირ აისახება მათი საქმიანობის წარმატებაზე.

ამ დროისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამით უკვე 26 კომპანია სარგებლობს. მათგან ორს ჩვენც ვესაუბრეთ და გავიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს ციფრული არხების ათვისებას მათი ბრენდისთვის და როგორ ავითარებს ადაპტერი ბიზნესს.

ფოტო: საქართველოს ბანკი

მომხმარებლამდე მისვლის მთავარი გზა

შექმნის საინტერესო ისტორია აქვს Brevalo Kids ბრენდის დამფუძნებელი, თამარ კიღურაძე, იხსენებს, რომ საქმიანობის დაწყების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა უზბეკეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. თამარის თქმით, უცხო ქვეყანაში ხშირად დადიოდა მაღაზიებში და შენიშნა, რომ იქ ყოველთვის გამორჩეული ხარისხის ტექსტილი ხვდებოდა. ეს არცაა გასაკვირი: უზბეკეთში ბამბის ქსოვილებს თავადვე აწარმოებენ, შესაბამისად, როგორც თამარი აღნიშნავს, ხარისხი მაღალია, ფასი კი — დაბალი.

"სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ბავშვის სამოსი საქართველოშიც ჩამომეტანა, სადაც მომხმარებელი შეღავათიან ფასად შეძლებდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენას", — აცხადებს იგი.

თამარის იმედები გამართლდა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ბრევალო ქიდსის ყველა მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია.

ფოტო: Brevalo Kids / Extra.ge

ფოტო: Brevalo Kids / Extra.ge

რაც შეეხება ადაპტერის პროგრამაში მონაწილეობას, ბრენდის წარმომადგენელი, გიორგი ტურძელაძე, აღნიშნავს, რომ ბანკის ხელშეწყობით ბრევალო ქიდსმა ბიზნესის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით, ოპტიმოთი, სარგებლობა დაიწყო, კომპანიის პროდუქცია კი extra.ge-ზე განთავსდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი სტარტაპია და მისი ცნობადობაც გასაზრდელია, რამდენიმე გაყიდვა ციფრული არხით უკვე წარმატებულად განხორციელდა. ამასთან, გიორგის თქმით, პროგრამით სარგებლობისას, ტექნიკური მხარდაჭერითაც სარგებლობენ, მაგალითად, ფოტოგრაფის მომსახურებით.

საინტერესოა ისიც, რომ რადგან ბრევალო ქიდსს ფიზიკურ სივრცეში მაღაზია არ აქვს, ციფრული ბაზრის ათვისება მათთვის მომხმარებლამდე მისვლის მთავარი გზაა. ბრენდს უკვე აქვს ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებიც.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენს პროდუქციას ხშირად უკვეთენ რეგიონებიდან, ეს საკომუნიკაციო არხი კი ამ მხრივაც ხელსაყრელია".

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, რომ სეზონური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ამჟამად ახალი, ზამთრის კოლექციის მიღებაზე მუშაობენ. გარდა ამისა, სიახლეების იმედს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინგაყიდვების არხზეც ამყარებენ.

"იმედია, მაღაზიის განვითარებასთან ერთად, შევძლებთ, აქსესუარების თუ ტექსტილის სხვა ნაწარმის მომხმარებლისთვის შეთავაზებას", — დასძენს გიორგი, — "თუკი მომავალ წელს სიტუაცია დასტაბილურდება, ალბათ უკვე დავიწყებთ ხაზის გაფართოებასაც".

მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სტარტაპებისთვის ციფრულ ეპოქაში

კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც ადაპტერის პროგრამაში მონაწილეობს, ტყავის ჩანთების მწარმოებელი Go-Go არის. მისი თანადამფუძნებელი რუსუდან ტატიშვილი ამბობს, რომ ბრენდი პანდემიის დაწყებიდან მალევე, თავის მეგობარ ნინო ხოხობაშვილთან ერთად შექმნა.

"მაშინ რაც შინ მქონდა, იმით გავაკეთე პირველი [ჩანთა], რომელმაც ფეისბუქზე მეგობრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა", — იხსენებს რუსუდანი, — "სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ბრენდი შექმნილიყო".

ფოტო: Go-Go / Extra.ge

ფოტო: Go-Go / Extra.ge

ფოტო: Go-Go / Extra.ge

ადაპტერის შესახებ რუსუდანმა ფეისბუქიდან შეიტყო; როცა პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობას — ქალი მეწარმეების სტარტაპს — მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა, Go-Go-ს ბედი ეცადა.

ბრენდი პროგრამაში არცთუ დიდი ხანია, რაც ჩაერთო. ამის მიუხედავად, რუსუდანი ადაპტერს სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებს და მიიჩნევს, რომ მასში ჩართვა. "ძალიან სასიამოვნო და საინტერესო შეთავაზება" იყო.

ბრევალო ქიდსის მსგავსად, ფიზიკურ სივრცეში მაღაზია ჯერჯერობით არც Go-Go-ს აქვს. ამდენად, ციფრული არხის გამოყენება მათთვისაც პრიორიტეტულია, ეს კი მხოლოდ დღევანდელ სიტუაციას როდი უკავშირდება.

"პანდემიას რომ თავი დავანებოთ, 21-ე საუკუნეა — ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ასე რომ, ონლაინგაყიდვები ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მასზე აქცენტის გაკეთება კი — სწორი მარკეტინგული გათვლა", — აფასებს Go-Go-ის წარმომადგენელი.

რადგან ბრენდი სტარტაპია, რუსუდანი სამომავლო გეგმებზე უპირატესად სახელის მოხვეჭასა და მომხმარებლის სიყვარულის მოპოვებას მიიჩნევს.

"ეს ხომ პირდაპირ აისახება გაყიდვებზე", — დასძენს იგი.


უჩვეულო რეალობაში ადაპტირება კვლავაც გამოწვევად რჩება ახლად შექმნილი ბრენდებისათვის, მით უმეტეს, ქალი მეწარმეებისათვის. მასთან გამკლავებაში საქართველოს ბანკის გაღებული ძალისხმევა კი არა მხოლოდ პროგრამაში ჩართულ კომპანიებზე აისახება, არამედ მთლიანად ბიზნესსოციუმზე.

"გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

სწორედ ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაა ის, რამაც შეიძლება მომხმარებელსა და ბრენდებს შორის გზა გამოაცოცხლოს, კომუნიკაცია გააძლიეროს, ხოლო ურთიერთსარგებელი — გაზარდოს.