"სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის, მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება", — ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. წულუკიანი თავადვე აღნიშნავს, რომ მისი რეაქცია დამცინავია, რადგან სააკაშვილს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

"იმედი მაქვს, არავის ეწყინება, იმიტომ, რომ ჩვენი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი. ალბათ, ეს ერთ–ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება", — ამბობს წულუკიანი.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.