კომიქსების კითხვამ და ჰოლივუდის ფილმების ყურებამ შეიძლება დაგვაჯეროს, რომ რადიაცია იშვიათი, სახიფათო რამაა და ადამიანებს სუპერგმირებად ან დეფორმირებულ მონსტრებად გარდაქმნის. რეალურად რომ მივუდგეთ, რადიაცია გარემოში ყოველთვისაა, ყველგან და მათ შორს, ჩვენივე სხეულებშიც.

თუკი გინდა, თავად რადიაციაზე ვრცლად შეიტყო, ეს ბმული იხილე, ახლა კი საკითხს მივუბრუნდეთ.

რა არის რადიაცია — მოკლედ

რადიაცია არაერთ განსხვავებულ პროცესს უდებს საფუძველს და ობიექტის (მაგალითად მზე) მიერ ნაწილაკებისა და ტალღების სახით ენერგიის გამოყოფას გულისხმობს.

როგორც წესი, რადიაციის ხსენებისას განსაკუთრებით მაღალი ენერგიის მქონე ტალღებს, მაგალითად გამა-სხივებს ან რადიოაქტიური ატომებისაგან (თუნდაც ურანი) გამოყოფილ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებს ვგულისხმობთ. ასეთი ტალღები და ნაწილაკები ცოცხალი ორგანიზმებისათვის საშიშია, ამიტომაც მათმა ზემოქმედებამ შესაძლოა, უჯრედები დააზიანოს.

რადიოაქტიური ატომის დაშლის დიაგრამა

ფოტო: Shutterstock

პერიოდული სისტემის ყოველ ელემენტს იზოტოპები გააჩნია, ანუ ისეთი ატომები, რომელთაც ბირთვში ერთი და იმავე რაოდენობის პროტონები აქვს, თუმცა ნეიტრონების განსხვავებული რიცხვი. ამგვარი განსხვავება შედეგად განსხვავებულ ატომურ მასას გვაძლევს, ამიტომაც იზოტოპებს გვერდით მათი ატომური მასები ეწერებათ ხოლმე (მაგ: კალიუმ-40, ცეზიუმ-134 და სხვა).

ზოგიერთი იზოტოპი სტაბილურია, ზოგი კი არასტაბილური ანუ რადიოაქტიურია, თვითნებურად იშლება და შედეგად მაღალენერგეტიკულ ტალღებსა და ნაწილაკებს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ელემენტი (მაგალითად ურანი) მხოლოდ არასტაბილური ფორმით არსებობს.

რადიაცია ჩვენს სხეულში

არაერთი იზოტოპი და რადიოაქტიური ელემენტი გარემოში ბუნებრივად არსებობს და მცენარეებსა და წყალში ხვდება. შესაბამისად, წყლის სმის ან კვების დროს, შესაძლოა, მცირე რაოდენობით რადიოაქტიურ იზოტოპებსაც ვშთანთქავდეთ.

მაიკ შორტს, MIT-ის ასოცირებულ პროფესორს თუ დავუჯერებთ, ჩვენს სხეულებში რადიაციის უდიდესი წყარო იზოტოპები ნახშირბად-14 (ანუ ელემენტ ნახშირბადის ატომი, რომლის ატომური მასაა 14) და კალიუმ-40-ია. ეს ელემენტები სხეულში რადიაციის უდიდეს ნაწილს შეადგენს, თუმცა კი რაოდენობა რეალურად ძალიან მცირეა — დღეში დაახლოებით 0.39 მილიგრამ კალიუმ-40-სა და 1.8 ნანოგრამ ნახშირბად-14-ს ვიღებთ.

ამასთანავე, შორტის თქმით, რადიოაქტივობის დონე, რომელსაც სხეულში რადიოიზოტოპები ქმნის, იმ დოზის მხოლოდ ერთი პროცენტია, რომელსაც ხალხი ბოსტონიდან ტოკიომდე გადაფრენისას მიიღებდა.

"რადიოიზოტოპთა დიდი ნაწილი ჩვენს სხეულში საკვების, წყლისა და ჰაერის საშუალებით ხვდება", — განაცხადა მეცნიერმა Live Science-თან საუბრისას.

ზოგიერთ საკვებში რადიოაქტიური იზოტოპები შედარებით ჭარბად გვხვდება. მაგალითად: ბანანი მცირე რაოდენობით კალიუმ-40-ს შეიცავს, ბრაზილიური კაკალი კი რადიუმს. აშშ-ის გარემოსდაცვით სააგენტოზე დაყრდნობით, ამ საკვების ჩვეულებრივი დოზით მიღება ორგანიზმს რადიაციასთან დაკავშირებულ ზიანს არ აყენებს.

რადიაცია, გარემო და სხეული

შესაძლოა, ორგანიზმში რადიოაქტივობის დონემ გარემოში არსებული სხვა ფაქტორების შედეგადაც მოიმატოს.

შორტი აცხადებს, რომ განსაკუთრებით სახიფათოა გაუნიავებელ სარდაფებში ცხოვრება, სადაც კეთილმოწყობისათვის მასალა გრანიტი ჭარბადაა გამოყენებული, რადგან ქანში შედარებით დიდი რაოდენობით რადიუმია (ერთ-ერთი რადიოაქტიური ელემენტი).

ასეთ გარემოში მცხოვრები ადამიანები ბევრად მეტ რადონსა (რადიოაქტიური, უსუნო აირი, რომელიც გარემოში ბუნებრივად გვხვდება და ფილტვის კიბოს რისკებთან ასოცირდება) და მასთან დაკავშირებულ შვილობილ იზოტოპებს, ანდა რადიოაქტიური ატომების დაშლისას შექმნილ პროდუქტებს შთანთქავენ.

შორტის თქმით, ჩვენში მოხვედრილი რადიოაქტიური იზოტოპები სხვადასხვაგვარად ჩნდება. მაგალითად: კალიუმ-40 "საწყისი ნუკლიდია", ანუ ამჟამინდელი ფორმით დედამიწის წარმოშობამდე არსებობდა. საწყის ნუკლიდებს დასაშლელად ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, ამიტომაც დღესაც არსებითად ისეთივენი არიან, როგორებიც ვარსკვლავებში მათივე შექმნისას ან დიდი აფეთქებისას იყვნენ.

"კალიუმ-40 ბუნებაში არსებული კალიუმის 0.011 პროცენტს შეადგენს, ასე რომ იგი გარშემო ყველგანაა და თავიდან ვერ ავიცილებთ. ევოლუცია რადიოაქტიურ გარემოში განვიცადეთ, რომელშიც კალიუმ-40 მუდამ იყო", — თქვა მან.

რადიოაქტიური იზოტოპები, ნახშირბად-14 და წყალბადის ერთ-ერთი იზოტოპი ტრითიუმი, შედარებით მძიმე ელემენტთა დაშლის შვილობილი პროდუქტებია. როდესაც არასტაბილურ ატომებში უფრო მძიმე ბირთვი იშლება (თუნდაც ურანში), შედეგად ხშირად სხვა იზოტოპები მიიღება.

უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილური იზოტოპები ასეთი იმ მძლავრი ძალის შედეგადაა, რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს ერთმანეთთან აკავშირებს. პერიოდულ სისტემაში ატომბირთვის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ეს ძალა პროტონებისა და ნეიტრონების განზიდვის ძალებმა დაძლიოს და ატომი არასტაბილური გახდეს. როდესაც ბირთვები შედარებით მცირე ბირთვებად იშლება, მაღალენერგეტიკული ნაწილაკები ან ტალღები გამოიყოფა და რადიაციაც სწორედ აქედან მოდის.

როგორც შორტმა გვიამბო, ორგანიზმში მოხვედრილი ზოგიერთი იზოტოპი გარემოში ადამიანის საქმიანობის შედეგად ჩნდება:

"50-60-იან წლებში ბირთვულ იარაღთა ატმოსფერულმა ტესტირებამ მცირე რაოდენობით სტრონციუმ-90 წარმოშვა, ფუკუშიმასა და ჩერნობილში კი ცეზიუმ-137 და ცეზიუმ-134 გამოთავისუფლდა, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე დაიშალა".

ამრიგად, ნორმალურ პირობებში წყლის, საკვებისა და ჰაერის მეშვეობით რადიაცია ყველას სხეულში აღწევს, რაც ნორმალურია და არც შესაძლო ზიანს მოასწავებს. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს ჯანმრთელობისათვის სახიფათო გარემოებები, რომლებსაც შეგვიძლია, თავი ავარიდოთ და შესაძლო რისკებისგანაც დავიცვათ თავი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.