პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეძებს ადამიანს, რომელიც დაენიძლავება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა. ხვიჩიას თქმით, კვლავ მზადაა, ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი პორშეთი სასურველ ადგილას მიიყვანოს.

"მე, აი, ამ ბილეთის აღების მერეც, კვლავ ვაგრძელებ ძებნას ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების, რომლებიც დამენიძლავებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, ერთ მილიონ ქართულ დოლარზე, გირჩის ვალუტაზე. თუ რასაკვირველია, ამის მერე რწმენა გაუჩნდა, რომელიმე ნაციონალური მოძრაობის წევრს, ჩემი ნიძლავი ისევ ძალაშია. ისევე, როგორც ძალაშია ჩვენი შეთანხმება, საჯაროდ ნათქვამი სიტყვა. თუ ჩამოვა, მას პორშეთი მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილზე", — თქვა იაგო ხვიჩიამ.

7 სექტემბერს ხვიჩიამ პირობა დადო, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მათი ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დახვდებიან და პარლამენტში მიიყვანენ.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში და მასზე ქართველ სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.