იაპონიის ნაციონალურ ასტრონომიულ ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერებმა დაკვირვებადი კოსმოსის კიდეში 2 გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომლებიც 13 მილიარდზე მეტი წლის წინ წარმოიქმნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 800 მილიონ წელში გაჩდნენ. ამის შესახებ მკვლევრები გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

სპეციალისტებმა უძველესი კოსმოსური ობიექტები მაშინ შენიშნეს, როცა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განლაგებული, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრით ALMA შედარებით ახალგაზრდა გალაქტიკებს, REBELS-12-სა და REBELS-29-ს აკვირდებოდნენ. ასტრონომებმა ამ უკანასკნელთა ულტრაიისფერი გამოსხივების გარდა, მათგან მოშორებით, მტვრის ღრუბლის მიღმა არსებული რეგიონიდან მომავალი სხვა სიგნალებიც დააფიქსირეს.

აღმოჩნდა, რომ მათი წყარო აქამდე უცნობი 2 გალაქტიკა იყო, რომელთაც მეცნიერებმა REBELS-12-2 და REBELS-29-2 უწოდეს. ისინი ოპტიკურ და ულტრაიისფერ სპექტრებში უხილავები არიან. ამის მიუხედავად, ALMA-მ მათი "დანახვა" შეძლო, რადგან ის შორეული ინფრაწითელი სინათლის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა.

ფოტო: ALMA

ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ სამყაროს დასაწყისში, ე.წ. იონიზაციის ეპოქაში ფორმირებული ყოველი 5 გალაქტიკიდან 1 სწორედ კოსმოსური მტვრის ღრუბლის მიღმა მდებარეობს. ამან, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში მატერიის ამ უზარმაზარი სისტემებისა და ვარსკვლავების წარმოქმნის შესახებ ჩვენი წარმოდგენა მთლიანად შეცვალოს.

მათ საჭიროდ მიაჩნიათ, რომ მომავალში ჩვენგან დიდი მანძილის დისტანციაზე არსებული ფართო არეალი უკეთ შევისწავლოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ამგვარი უძველესი გალაქტიკა აღმოვაჩინოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.