მეთ გალა ყოველთვის გვანებივრებს საინტერესო, დასამახსოვრებელი და ხანდახან უცნაური კოსტიუმებით. გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიება აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ვარსკვლავი რეპერი A$AP Rocky და მისი უზარმაზარი, ფუმფულა მოსასხამი იყო.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

მუსიკოსი ღონისძიებაზე ბრენდ ERL-ის კოსტიუმით წარსდგა, თუმცა მოგვიანებით ინსტაგრამზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მოსასხამის დიზაინი მის დიდ ბებიას ეკუთვნოდა. აღნიშნული საბანი ოჯახმა დიდი ხნის წინ ძველმანების მაღაზიაში ჩააბარა. ამის დასადასტურებლად ქალმა, სახელად სარამ ინსტაგრამზე ფოტოც დადო.

"ჩემი დიდი ბებიის საბანი დიდი ხნის წინ ძველმანების მაღაზიაში ჩააბარეს. როდესაც მეთ გალას ფოტო ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ იგივე საბანი იყო. ვოგის სტატია წავიკითხე იმაზე, თუ როგორ იპოვა დიზაინერმა საბანი სამხრეთ კალიფორნიაში...დედაჩემს ვთხოვე, რომ ძველ საწოლზე გადაფარებული საბნის ფოტო მოეძებნა. როგორც ჩანს, დიდი ბებია მერი მეთ გალაზე A$AP Rocky-სა და ERL-სთან ერთად წავიდა", — წერს სარა ინსტაგრამზე.

ფოტო: books_n_babies / Instagram

ფოტო: books_n_babies / Instagram

ამ ისტორიამ საზოგადოების ნაწილი აღაფრთოვანა, მეორე ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ დიზაინერმა კოსტიუმის თავდაპირველი დიზაინის ავტორის წვლილი არ ახსენა.

საზოგადოების უკმაყოფილებას სარა ინსტაგრამზე კიდევ ერთი პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, ისტორია საზოგადოებისთვის იმის გამო არ გაუზიარებია, რომ დიზაინერისგან ანაზღაურება მოეთხოვა ან რამეში დაედანაშაულებინა.

"მინდოდა განმემარტა, რომ ჩვენ ქურდობაში არავის ვადანაშაულებთ და არც ფული გვინდა. ეს იმიტომ დავპოსტე, რომ ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ ჩემი დიდი ბებიის მიერ დედაჩემისთვის სიყვარულით შექმნილი ნივთი, რომელიც დედას ათბობდა და რომელიც იმიტომ ჩავაბარეთ, რომ სხვაც გაეთბო ან ქველმოქმედებაში წვლილი შეეტანა, საბოლოოდ უნიჭიერესი ადამიანების მიერ შექმნილ ხელოვნების საოცარ ნიმუშში გამოიყენეს", — ამბობს სარა.

სარას თქმით, დიზაინერსაც გაესაუბრა და მისით აღფრთოვანებულია. სარა ასევე აღნიშნავს, რომ სახლში დიდი ბებიის მიერ შექმნილი კიდევ ბევრი საბანი აქვს.

ამავე თემაზე: