პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Edison Research და Ipsos სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შესახებ.

"ედისონ რისერჩი, იპსოსი და ეს ყველაფერი არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები. ეს არის ბრენდული ორგანიზაციები, რომლებიც უბრალოდ სახელს ატარებენ ამ კვლევების და სხვა არაფერი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ მან მოსახლეობას "განუმარტა", რომ "ამ კვლევებს ატარებს ლევან თარხნიშვილი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარე და არჩევნების "მთავარი გამყალბებელი" იყო.

"თქვენ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც ყველაზე დიდ დანაშაულს სჩადიოდა — ადამიანების ხმებს იპარავდა და არჩევნების შედეგებს აყალბებდა, ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო", — თქვა ღარიბაშვილმა.

მისი აზრით, ამ კვლევების მიზანია "მოსახლეობას რაღაც განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ", მაგრამ "ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს".

"0 სანდოობა აქვს ამ კვლევებს, ეს უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა. მათ მიერ წინასწარ გამოქვეყნებული კვლევები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას რაღაც განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი კვლევა და მთავარი შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება და "ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს".

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% ნაციონალურ მოძრაობას, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, გამოკითხულთა 41% კახა კალაძეს, 36% ნიკა მელიას, 13% კი გიორგი გახარიას მისცემდა ხმას.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის 36% ქართულ ოცნებას ირჩევს, გამოკითხულთა 27% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 11% — გიორგი გახარიას პარტიას. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კახა კალაძეს, 30% ნიკა მელიას ასახელებს, ხოლო 12% გიორგი გახარია.