მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის განცხადებით, აღმასრულებელმა საბჭომ კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო საქართველოს ნაკრების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში წერია, რომ ქართველი სპორტსმენები ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატიდან ჩახსნეს.

"საქართველომ ვერ შეძლო მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა WAF-ის ხელმძღვანელობა და წევრები, რამაც ორგანიზაციას სერიოზული ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა", — წერია განცხადებაში.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის ცნობით, დისკვალიფიკაციის გაუქმებისთვის საქართველოს ნაკრების ეროვნულმა ფედერაციამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. დისკვალიფიკაციის დროს ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებში ვერ დარეგისტრირდებიან.

მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 17-27 სექტემბერს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო.