ირანელები 20 მარტს ნოვრუზის დღესასწაულს, ახალ წელსა და გაზაფხულის დადგომას ზეიმობენ.

"ირანელები საქართველოსკენ მიეშურებიან საკუთარი ახალი წლის აღსანიშნავად" - ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელსაც BBC აქვეყნებს.

ირანში ერთგვარი ტრადიციაა ახალი წლის უცხო ქვეყანაში შეხვედრა. ამ გზით ისინი საკუთარ სამშობლოში არსებულ სიმკაცრესა და აკრძალვებს გაურბიან.

ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი გაუქმდა.

"საქართველო ავირჩიეთ, რადგან ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ქართველები სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხია. ტურისტებს კარგად ექცევიან. იმ ირანელ მომღერლებს, რომლებსაც სამშობლოში არ უშვებენ, აქ თავისუფლად შეუძლიათ კონცერტის გამართვა", - ამბობს მოზგანი, რომელიც თბილისში ირანული ახალი წლის აღსანიშნავად დედასთან და დასთან ერთად ჩამოვიდა.