2012-2016 წლებში თბილისის მერიაში დასაქმებულმა ადამიანებმა, ჯამში, 127 მილიონ ლარზე მეტი გამოიმუშავეს. ამ თანხიდან ხუთ მილიონზე მეტი შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება იყო, 122 მილიონზე მეტი კი - შტატიანი თანამშრომლების. 122 მილიონიდან თითქმის 72 მილიონი თანამდებობრივი სარგოა, 50 მილიონზე მეტი კი - პრემია და დანამატები.

თბილისის მერიიდან On.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ უწყებაში ყველაზე მეტი (1 278) თანამშრომელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა, ყველაზე ნაკლები - 918 კი - 2012 წელს. 2012 წელთან შედარებით, ბოლო ხუთ წელში, უწყებაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 360-ით არის გაზრდილი.

შტატიანი და უშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე ნაკლები თანხა - 17 მილიონზე მეტი 2012 წელს გაიცა, ყველაზე მეტი (თითქმის 32 მილიონი) კი - 2013 წელს. 2012 წელს შტატგარეშე თანაშრომლების ანაზღაურება 21 522 ლარი იყო, თუმცა, 2014 წელს ეს მონაცემი 1 756 265 ლარამდე გაიზარდა.

ბოლო ხუთ წელში თანამდებობრივი სარგო შტატიან თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ოდენობით 2016 წელს - 16 283 073 ლარი გაიცა, ყველაზე მეტი პრემია და დანამატი 2013 წელს, ჯამში 15 640 295 ლარი. ამავე პერიოდში ჯამში ყველაზე ნაკლები პრემია და დანამატი 2016 წელს - 6 183 091 ლარი გაიცა.

რაც შეეხება მერიის თანამდებობის პირებს, თანამდებობის პირებზე - მერზე, მერის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებზე, ბოლო ხუთ წელიწადში, ყველაზე ნაკლები თანხა - 1 095 673 ლარი 2012 წელს გაიცა, ყველაზე მეტი - 1 584 053 ლარი კი - 2013 წელს. გასულ წელს ეს თანხა 1 284 616-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში თანამდებობის პირებმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს სახით 2 749 000 ლარზე მეტი მიიღეს, პრემიისა და დანამატის სახით კი - 3 855 000 ლარზე მეტი.

2012-2016 წლებში თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ ორ წელზე მეტი იმუშავა და ჯამში 92 061 ლარი გამოიმუშავა. ნარმანიამდე ამ თანამდებობას გიგი უგულავა იკავებდა, რომელმაც 2012-2013 წლებში, შემოსავლის სახით, 172 094 ლარი მიიღო.