ლედი დი რომ მოდის პრინცესაც იყო, ამაზე უკვე გვილაპარაკია. დაიანამ გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მოდის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანა და ისეთი გამორჩეული სტილი დაამკვიდრა, რომლის გავლენის ქვეშ დღესაც ადვილად ექცევიან. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი მეგან მარკლიცაა.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია წინა კვირას, ნიუ-იორკში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას Global Citizen-ს დაესწრნენ, სადაც რეპორტიორებმა მეგან მარკლის საინტერესო აქსესუარი შენიშნეს.

მარკლს, რომელიც ღონისძიებას Valentino-ის კაბით ესწრებოდა, დიორის $4700-იანი ხელჩანთაც ეკავა. აღსანიშნავია ის, რომ ჩანთა ბრენდმა 1994 წელს გამოუშვა, თუმცა, დიორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსესუარად მას შემდეგ იქცა, რაც მისით ხელდამშვენებული პრინცესა დაიანა გამოჩნდა 1995 წელს. როგორც ცნობილია, ხელჩანთა ლედი დის საფრანგეთის მაშინდელმა პირველმა ლედიმ, ბერნადეტ შირაკმა, აჩუქა.

ფოტო: Tim Graham Photo Library / Getty Images

ფოტო: Gotham / GC Images / Getty Images

პრინცესა დაიანა ხელჩანთით იმდენჯერ შენიშნეს, რომ დიორმა მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ აქსესუარისთვის სახელის შეცვლაც მოისურვა. თუმცა, ამჯერად მარკლის ჩანთა საგანგებოდ იყო პერსონალიზებული, მასზე ინიციალები — DSSOS — იკითხებოდა, რაც სამეფო ტიტულზე, სასექსის ჰერცოგინიაზე, მიუთითებს. დიორის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ მარკლს ლედი დის სახელობის ჩანთა ჰქონდა თან.

მარკლმა და ჰარიმ გასულ წელს "მისი აღმატებულების" ტიტული დათმეს, თუმცა, განაგრძობენ სასექსის სამეფო წოდების გამოყენებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებაზე წყვილმა ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

"მე და ჩემს ცოლს გვწამს, რომ წარმომავლობა გადარჩენის შესაძლებლობას არ უნდა განსაზღვრავდეს", — განაცხადა ჰარიმ.

"განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი უსაფრთხოებისათვის შესაბამისი საშუალება უკვე არსებობს", — დასძინა მარკლმა.

ნიუ-იორკში ყოფნისას ჰერცოგი და ჰერცოგინია ასევე ესტუმრნენ One World-ის სავაჭრო ცენტრს და შეხვდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.