კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. საქმე ეხება, 13 სექტემბერს, მედიაში გავრცელებულ, სავარაუდოდ სუს-ის ფაილებს, რომლებიც ღია წყაროზე იყო ატვირთული.

კოალიციაში აცხადებენ, რომ სუს-ის სისტემაში შემავალ სააგენტოს ფარული ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოროტად არ იქნას გამოყენებული.

"სისტემურ უკანონობას სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და, იმ პირობებში, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუს-ი მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურას კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირების გვერდის ავლით, ბოროტად იყენებს, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი საკითხის სათანადოდ შესასწავლად", — აცხადებენ კოალიციაში.

კოალიციის განცხადება ეფუძნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია შევიდეს შეზღუდული დაშვების არეალში, გაეცნოს ტექნიკურ ინსტრუქციებს, მათ შორის სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა.

კოალიციის ინფორმაციით, მოსმენების შესახებ სუს-ის ტექნიკური შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

"ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 წელზე მეტია განიხილავს და დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია. 3 წლის წინ, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკუთარი პოზიციები სასამართლოში წარადგინა", — აცხადებენ კოალიციაში.

ორგანიზაციის განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი რა გავრცელებული ფაილების შინაარსი.

"მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით — სუს-ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. მათ შორის, ცნობილი გახდა ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიყურადების შესახებ. გასაჯაროებულ ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე, პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ ქრთამის აღების შემთხვევებზე და სხვა", — აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ფაილებზე: