სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე-ინი, ქვეყანაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვის წინადადებით გამოდის. ეს პრაქტიკა სახელმწიფოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მწვავე კრიტიკას იწვევს.

"განა, დრო არ მოვიდა, ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვაზე გააზრებით ვიმსჯელოთ?", — ჰკითხა პრეზიდენტმა ჯე-ინმა პრემიერმინისტრ კიმ ბუ-კიუმს ყოველკვირეულ შეხვედრაზე.

ძაღლის ხორცის კერძები სამხრეთკორეული სამზარეულოს ნაწილია — თანაც, იმდენად ინტეგრირებული, რომ წელიწადში, დაახლოებით, 1 მილიონ ძაღლს კლავენ მათი ხორცის საკვებად გამოყენებისათვის. თუმცა, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შემცირდა, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კი ძაღლის შეჭმას მის შინაურ ცხოველად ყოლას ამჯობინებენ.

ამასთან, ახალ თაობაში ეს პრაქტიკა ტაბუირებულია, ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტებიც გამუდმებით აპროტესტებენ ამ ტრადიციას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე-ინი, თავის რეზიდენციაში, სეულში.

ფოტო: Cheong Wa Dae Handout / EPA

სამხრეთ კორეაში ახლა შინაური ცხოველი ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს, მათ შორის, პრეზიდენტს. ჯე-ინი ცხოველების მოყვარულია და რეზიდენციაშიც რამდენიმე ძაღლთან ერთად ცხოვრობს, ერთ-ერთი კი გაპრეზიდენტების შემდეგ აიყვანა თავშესაფრიდან.

ძაღლის, სახელად ტორის, აყვანა სამხრეთ კორეის მოქმედი მმართველის საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი იყო. ცუგაც მალევე გახდა თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლი, რომელიც რეზიდენციაში, ლურჯ სახლში, აღმოჩნდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯე-ინმა ასევე ისაუბრა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესებაზე.

ქვეყანაში მოქმედი ამჟამინდელი კანონმდებლობა ძაღლებისა და კატების სასტიკ მოკვდინებას კრძალავს, თუმცა, არ ეხება მათ მოხმარებას.

ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ძაღლების ფერმებსა და რესტორნებზე რეგულაციები საერთაშორისო ღონისძიებების, მაგალითად, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის წინ, მაინც გაამკაცრა.