ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, Vectra Petroleum Limited-სა და NauticAwt Energy PTE LTD-ს შორის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით Vectra Petroleum Limited და NauticAwt Energy PTE LTD გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

Vectra Petroleum Limited 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით „ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედ“-მა 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

Vectra Petroleum Limited ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. NauticAwt Energy PTE LTD დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება NauticAWT Energy Solutions ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.