8 არასამთავრობო ორგანიზაცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიანდება. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის — ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის პრეზენტაცია დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა. კოალიცია იმუშავებს დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და კვლევების მიმართულებით.

მიმდინარე პერიოდში, კოალიცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს მოსალოდნელი დეზონფომაციის პრევენციისთვის. წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ისინი შეეცდებიან კოორდინირებული პასუხი გასცენ იმ შიდა თუ გარე აქტორებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების დაყოფასა და დაპირისპირებას შეეცდება.

სამართლიანი არჩევნები (ISFED) ერთ-ერთია იმ რვა ორგანიზაციას შორის, რომელიც აღნიშნულ კოალიციაში გაერთიანდა.

ნინო დოლიძე, ISFED-ის დირექტორი

ფოტო: On.ge

"იმის ფონზე, როდესაც მეორე მხრიდან, და ეს მეორე მხარე არის ხშირად როგორც შიდა ფაქტორები, ასევე გარე ფაქტორები, კოორდინირებულად ახორციელებენ ამ დეზინფორმაციის კამპანიას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდანაც გაეცეს კოორდინირებული და ერთიანი პასუხი, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დეზინფორმაციასთან ბრძოლა", — განაცხადა ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

კოალიციის წევრია საქართველოს რეფორმებიც ასოციაციაც (GRASS). ასოციაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილის საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილმაც აუბა მხარი.

"განსაკუთრებით საგანგაშო — არამარტო სამწუხარო, არამედ საგანგაშო — გახდა ის, რომ რუსეთს, მათ მარგინალურ მოკავშირეებს, გარკვეული თვალსაზრისით, ნებსით თუ უნებლიეთ, ფეხი აუწყვეს ადგილზე მყოფმა პოლიტიკოსებმა [...] ჩვენ, ინდივიდუალურად, ის ორგანიზაციები, რომლებიც, წლებია ამ სფეროში, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ ეს უფრო კოორდინირებულათ ვიბრძოლოთ ამ გამოწვევის. ამიტომაც ვქმნით კოალიციას ინფორმაციის სანდოობისათვის",— განაცხადა გაფრინდაშვილმა.

კოალიცია USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე არასამთავრობო სექტორისა და მედიის როლის გააზრებაც.

პიტერ ვიბლერი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი

ფოტო: On.ge

"ჩვენ გვინახავს ის პრობლემები, რომლებსაც დეზინფორმაცია ქმნის, იქნება ეს Covid-19-თან, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები თუ საქართველოს ევროპისკენ, ნატოსკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებული. იმ საკითხების სია, რომლების შესახებაც დეზინფორმაციას შეუძლია ეჭვები და კითხვები დაბადოს, გრძელია, და ვფიქრობთ, ეს კოალიცია ერთად იმუშავებს დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად", — განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

კოალიციაში ერთიანდებაიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • iFact;
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).