საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, როდესაც პარტნიორი ქვეყნების ელჩებზეა საუბარი, აუცილებელია, რომ ერთმანეთს "გულწრფელად უთხრან სათქმელი". ასე ეხმაურება ის ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, ბოლოს მიმდინარე მოვლენების შესახებ.

"მქონდა მასთანაც კომუნიკაცია და ბუნებრივია, რომ ჩვენ რახან მეგობრები ვართ, აუცილებელია, რომ გულწრფელად ერთმანეთს ვუთხრათ სათქმელი, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია, როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია და ვფიქრობ, ისინიც აუცულებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სათქმელი", — განაცხადა მან.

მისი თქმით, როდესაც "აშკარაა", რომ ერთი მხარე მიდის "პროვოკაციაზე", ეს ყველაფერი უნდა ითქვას. ზალკალიანის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამას პარტნიორი ქვეყნები ხედავენ და შეფასება საბოლოო დასკვნებში იქნება აღნიშნული.

ევოკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ წუხს ამ ფაქტის გამო. მისი თქმით, მისასალმებელია კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა. მისი განცხადება გააკტირიკა მმართველმა პარტიამ. მათი შეფასებით, აღნიშნული "არაობიექტური" იყო.

მაგალითად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰარცელის განცხადების არაობიექტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან არაფერი თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიერ წამოწყებულ "პროვოკაციაზე". ჰარცელის განცხადება "რბილად" შეფასა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც. მათ თქვა, რომ ეს შეიძლება ნიკა მელიამ მწვანე შუქის ანთებად მიიღოს.